вторник, 24 октября 2017 г.

საოცარი მუსიკალური ფესტივალი - „სახლინოს სასახლის კამერატა“




სალხინოს კამერული მუსიკის საერთაშორისო ფესტივალზე – „სალხინოს სასახლის კამერატა“, სამი ულამაზესი დღე გავატარე. ჩემდა სამწუხაროდ, მარტვილში პირველად ვიყავი და აღფრთოვანებული დავრჩი იქაური ბუნებით, მარტვილის VII-X  საუკუნის მონასტრით, სადაც დაკრძალულნი არიან სამეგრელოს უკანასკნელი მთავარი დავით დადიანი და მისი მეუღლე ეკეტერინე ჭავჭავაძე დადიანისა... მოვინახულეთ დადიანების სასახლე, მარანი და საოცარი კანიონი, რომელიც ამ რამდენიმე წლის წინ აღადგინეს. აღფრთოვანებასთან ერთად გული დამწყდა, რადგან დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრს ნანახი არ ექნება ეს მშვენიერებანი!


კამერული მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი, რომელშიც წელს ოთხი ქვეყანა მონაწილეობდა (საქართველო, უკრაინა, გერმანია, ავსტრია), ქართული მუსიკის პოპულარიზაციის მიზნით დედაქალაქში კი არა, არამედ საქართველოს ერთ-ერთ უმშვენიერეს კუთხეში, სამეგრელოში ჩატარდა და ფესტივალში მონაწილე არტისტებს ქართული ნაწარმოების შესრულებას ავალდებულებდა.


სასახლის ორსაუკუნოვანი  ხეივანი ვირტუოზ მუსიკოსებს სამი დღის განმავლობაში, ღია ცის ქვეშ მასპინძლობდა და მსმენელი აღფრთოვანებული ხვდებოდა პროგრამაში შეტანილ ქართულ მელოდიებს. დაუვიწყარი იყო ფესტივალის მეორე საღამო, როდესაც უკრაინელმა მუსიკოსებმა დებიუსისმთვარის შუქიშეასრულეს, სალხინოს კი საოცარი მთვარე ადგა თავს, ალბათ სწორედ ისეთი, როგორსაც კომპოზიტორმა თავისი უკვდავი ნაწარმოები უძღვნა.


ფესტივალის დამსწრე მსმენელებს მოულოდნელი სიურპრიზი გაუკეთა ფესტივალის ინიციატორმა და სამხატვრო ხელმძღვანელმა მუსიკოსმა შიო აბრახამიამ. საგუნდო დირიჟორი უეცრად კამერული ორკესტრის დირიჟორად მოგვევლინა და ამ ურთულეს ხელოვნებას საოცრად კარგადაც გაართვა თავი. თუმცა ეს გასკვირი არ იყო, შიო, სტუდენტობის წლებში, ყოველთვის გამოირჩეოდა თავისი კრეატიულობითა და მიზანსწრაფვით.


და ბოლოს, ფესტივალი გრანდიოზულად დასრულდა. შემიძლია ვთქვა, რომ გაცოცხლდა სალხინოს სასახლეში XX საუკუნემდე არსებული სალონური საღამოებისა და კონცერტების ჩატარების ტრადიცია, რაც ფესტივალის უმთავრესი ამოცანაა. მინდა მადლობა გადავუხადო და მოვეფერო მარტვილელებს, რომელთა თანადგომის გარეშე ეს ფესტივალი არ შედგებოდა.



მანანა ნოდია

 თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის გერმანული ენის პედაგოგი