понедельник, 23 июля 2018 г.

ახალი სატყეო ტექნოლოგიები, ტყის მდგრადი მართვისთვის








საქართველოში ტყის რესურსების არამდგრადი მართვა, ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. იმის გამო, რომ ტყესთან დაკავშირებული მონაცემების სრულყოფილი ბაზა არ არსებობს, ზუსტი და სანდო ინფორმაციის მოპოვება პრაქტიკულად შეუძლებელია. აქედან გამომდინარე, იქმნება ხელსაყრელი გარემო ხე-ტყის უკანონო მოპოვებისთვის, ტყის რესურსების ჭარბი გამოყენებისა და ბუნებრივი კატასტროფების განვითარებისათვის.

ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სოციალურ, ეკონომიკურ და გარემოსდაცვით ამოცანას, სწორედ, ბუნებრივი კატასტროფების უარყოფითი შედეგების თავიდან აცილება და შერბილება წარმოადგენს. ბევრია ისეთი დასახლება, რომლებიც  ბუნებრივი საფრთხეების ზონებში მდებარეობენ, როგორიცაა მეწყერი, წყალდიდობა, მდინარეების ეროზირებული ნაპირები და სხვა. ხშირად ადგილობრივი მოსახლეობა, რომლებიც ტყე-კაფების ძირში ცხოვრობს, მნიშვნელოვნად ზარალდება ტყის ჭრის შედეგად გამოწვეული ეროზიული პროცესებით.

ამ პრობლემის გადასაჭრელად, Global Forest Watch-ის პროექტების ფარგლებში, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN) ახორციელებს პროექტსახალი სატყეო ტექნოლოგიები ტყის მდგრადი მართვისთვის“, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში მიმდინარე სატყეო რეფორმის მხარდაჭერას საინფორმაციო და საკომუნიკაციო ინსტრუმენტების ახალი ტექნოლოგიების დანერგვით. პროექტს (Global Forest Watch Georgia) ერთობლივი ძალებით ახორციელებს მსოფლიო რესურსების ინსტიტუტი და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, გლობალური გარემოსდაცვითი ფონდისა (GEF) და გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) ფინანსური მხარდაჭერით.

პროექტის ფარგლებში ჩატარდა შემდეგი ძირითადი სამუშაოები: ტყის მოწყვლადობის შეფასება და რუკების შედგენა; რეგისტრაციის პროცესში ტყის ფონდიდან ამოღებული ტერიტორიების შეფასება.

გეოგრაფიული საინფორმაციო სისტემების სპეციალისტი (GIS) და ორგანიზაცია CENN-ის პროექტების ასისტენტი ვახო ჩიტიშვილი ამბობს რომ, „საქართველოს მასშტაბით, ორგანიზაცია CENN-ის  მიერ, იდენტიფიცირებულია თორმეტი ტერიტორია, სადაც ტყის მასივი იკარგება. კარგვის მიზეზი კი, შეიძლება იყოს ჭრა, ჩამოშლა, ეროზიული პროცესები, ხანძარი. თორმეტი ადგილიდან, ერთ-ერთ საკვლევ არეად, მწვანე ტბის მიმდებარე ტერიტორია იქცა, სადაც უნიკალური ტყის მასივია და, რომელიც სუბალპურ სარტყელზე 2050 მეტრზე მდებარეობს. სწორედ, Global Forest Watch-ის სატელიტური სურათების მიხედვით, ამ ტერიტორიაზე, ტყის კარგვაა შემჩნეული. ჩვენ ეს ტერიტორია შევისწავლეთ და აღმოჩნდა, რომ 90-იან წლებში, უამრავი ხე მოიჭრა. ამიტომ, ჩვენ დავაყენეთ საკითხი, ამ ტერიტორიაზე შექმნილიყო სპეციალური პირობები, რომ არ მოხდეს ტყის დეგრადირება, ტყის სიხშირის კლება და მისი უნიკალურობა შენარჩუნდეს“.

მწვანე ტბა აჭარის რეგიონს მიეკუთვნება. კერძოდ, ხულოს მუნიციპალიტეტს და მოიცავს ტერიტორიას, გოდერძის უხელტეხილი - მწვანე ტბის მიდამოებს.

მუნიციპალიტეტის ტერიტორია მთაგორიანიარაიონის ტერიტორია, რელიეფი საშუალოდ 400-3000 მეტრის ფარგლებში მერყეობს. ტერიტორიის მთავარი ქედებია არსიანისა (მწვერვალი ყანლის მთა - 3007 მეტრიდა მესხეთის (მწვერვალი ზოტიმერია - 2646 მეტრი) ქედები და მათი განშტოებები. საშუალო წლიური ტემპერატურაა 10,1C°, ნალექების საშუალო წლიური რაოდენობა – 1000–1200 მმ.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოედინება მდინარეები: აჭარისწყალი, სხალთა, ღორჯომი, დიაკონიძეები. რაიონის ერთ-ერთ ყველაზე ღირსშესანიშნავ ადგილს წარმოადგენს მწვანე ტბა, რომელიც ცნობილია თავისი ალპური, წიფლის ტყით.
მუნიციპალიტეტის ტერიტორია წარმოდგენილია, მთატყისა და მთა მდელოს ნიადაგებით. ძირითადად გავრცელებულია ფოთლოვანი და წიწვოვანი მცენარეები. ფლორის სახეობათა წარმომადგენლებიდან გავრცელებულია სამეფო გვიმრა, უთხოვარი, ქართული ნეკერჩხალი, არმაზის ნარჩიტა, წაბლი, მუხა, კოლხური ყოჩივარდა, ფურისულა, ვერხვი, თელა და სხვა. მუნიციპალიტეტი მდიდარია ხილით და სამკურნალო მცენარეებით. ფაუნას სახეობათგან წარმოდგენილია კავკასიური ირემი, კავკასიური მურა დათვი, ბეგობის არწივი, დურაჯი, კავკასიური შურთხი, მცირე აზიური ტრიტონი და კავკასიური სალამანდრა.

უნდა ავღნიშნოთ ის, რომ მწვანე ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ამჟამად, კონტროლი გამკაცრებულია. წარმატებულად ხორციელდება ტყის დაცვის სხვადასხვა მექანიზმები. ჩვენს მიერ გამოკვლეული თორმეტი ტერიტორიიდან, ამ ადგილს ყველაზე დიდი პოტენციალი აქვს. სამწუხაროდ, სხვა ადგილებს უფრო მეტი ყურადღება სჭირდება, რადგან ძალიან ბევრი ტყე-კაფია გამოყოფილი, რაც ეროზიულ პროცესებს იწვევს. თუმცა, დაწერილია მოხსენებები შესაბამისი ორგანოებისთვის და რეფორმები უნდა გაატარონ“, - ამბობს ვახო ჩიტიშვილი.

ხულოში, ორგანიზაცია CENN-ის მიერ ორგანიზებული მედიატურის ფარგლებში, ჟურნალისტები, ხულოს სატყეო ადმინისტრაციის მთავარ მეტყევეს ნოდარ შანთაძეს შევხვდით. ნოდარ შანთაძე ამბობს, რომ: „ხეების მოჭრა ძირითადად 90-იან წლებში მოხდა. დღეს ჩვენი ტყე დაცულია. გარდა ამისა, ხდება ტყის ბუნებრივი განახლება. მწვანე ტბა თავისი სილამაზით იზიდავს ტურისტებს. ამჟამად, დაწყებულია შემოსასვლელი გზის რეაბილიტაცია, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს, ტურისტების რაოდენობის ზრდას“.