четверг, 4 сентября 2014 г.

ინგა ტოროშელიძე: მხოლოდ ორი სიტყვა მათქმევინოს ჩემმა ქვეყანამ გიოს საფლავთან - მართალი ხარ!




მზევინარ ხუციშვილი

დანაშაული: მკვლელობა.
მკვლელობის დრო: 2007 წლის 5 მაისი, ღამის 12 საათი.
ადგილი: საქართველო, ქალაქი თბილისი, სანზონა.
მსხვერპლი: ზაზა გულვერდაშვილი.
„დამნაშავე“: გიორგი ტოროშელიძე.
გამომძიებელი: მარიანა ჩოლოიანი.
პროკურორი: ელენე ლაზარიაშვილი.
გიორგი ტოროშელიძის ადვოკატები:  „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ადვოკატი გაგი მოსიაშვილი. მოგვიანებით საქმეში ადვოკატი ლადო სანიკიძე ჩაერთო.
მოწმე: გარდაცვლილის დედა მზია გახუტაშვილი.
საქალაქო სასამართლოს მოსამართლე: მაია ჯვარშეიშვილი.

ქართული მართლმსაჯულების მიერ დამნაშავედ გამოცხადებული გიორგი ტოროშელიძის ოჯახი დაგვიანებულ სამართალს სტრასბურგისგან ელის. ოჯახის წევრებს  ბოლომდე  არც „ოცნების“ ხელისუფლებისგან დაპირებული  - მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნის იმედი  დაუკარგავთ. ახალგაზრდა, რომელიც სასამართლომ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 10 წლით გაგზავნა, არასათანადო პირობებში ყოფნის გამო დაავადმყოფდა და მალევე გარდაიცვალა. ტოროშელიძის გარდაცვალების ფაქტი „ნაციონალური“ ციხის სტატისტიკის ნაწილი გახდა.

მანამდე კი „კრიმინალური“ ისტორია ასე დაიწყო:

ზაზა გულვერდაშვილი ბინაში მარტო ცხოვრობდა. კარის მეზობლად ცხოვრობდნენ ზაზას დედა, მამინაცვალი და მისი შვილები. გამოძიება მკვლელობის ღამეს დაიწყო და პირველად გარდაცვლილის დედა მზია გახუტაშვილი დაიკითხა. პროკურორი ელენე ლაზარიაშვილი ამბობს, რომ გამოძიება, სწორედ, მზია გახუტაშვილის ჩვენებით გავიდა გიორგი ტოროშელიძის კვალზე. „ზაზას კომპიუტერიდან ამოღებული იყო ფოტოები და ერთ-ერთ ფოტოზე მზია გახუტაშვილმა ამოიცნო მისი შვილის მკვლელი.“

როგორც გაგი მოსიაშვილი ამბობს, თავდაპირველად, გამოძიებას ორი ეჭვმიტანილი ჰყავდა: გიორგი ტოროშელიძე და ლევან ინასარიძე. ლევან ინასარიძეს ალიბი აღმოაჩნდა, რომ ის იმ ღამეს საკუთარ სახლში მეგობრებთან ერთად იყო. ლევან ინასარიძე დღეს საუბარს თავს არიდებს: „მე თქვენთვის სათქმელი არაფერი მაქვს. რაც მქონდა სათქმელი, გამოძიებას უკვე მოვახსენე.“

გიორგი ტოროშელიძე დაკითხვებზე მარტო, ადვოკატის გარეშე მიდიოდა. „ჩვენ არ გვქონდა საშუალება ადვოკატი აგვეყვანა. თუმცა, გიორგის მკვლელობა არ ჩაუდენია და არც თვლიდა საჭიროდ ადვოკატის აყვანას. მოგვიანებით, გიორგი რომ დაიჭირეს, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“ მივმართეთ“ ,- ამბობს გიორგი ტოროშელიძეს და, ინგა ტოროშელიძე.

 „სამწუხაროდ, გიორგის ბრალდება ემყარებოდა ირიბ მოწმეებს და ერთადერთი ქალბატონის, გარდაცვლილის დედის ჩვენებას, რომელიც გამოძიებამ დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნო. ჩვენ მას სასამართლო პროცესზე დავუსვით კითხვა: დარწმუნებული ხართ თუ არა, რომ ღამე, იმ სიბნელეში ნამდვილად გიორგი დაინახეთ, რომელიც კიბეზე ჩამორბოდა. მან გვიპასუხა: შეუცდომელი მარტო მამაღმერთია. დანარჩენი რაიმე სახის პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც აშკარას გახდიდა გიორგის მკვლელობის ადგილზე ყოფნას, საქმეში არ იყო.

მიუხედავად იმისა, რომ მე საქმეში ცოტა გვიან ჩავერთე, ფაქტობრივად გამოძიების ბოლო ეტაპი იყო, ჩვენ, დაცვის მხარემ წარვადგინეთ მოწმეები, რომლებიც ადასტურებენ, რომ იმ დღეს, მკვლელობის დროს, გიორგი სახლში იყო. აგრეთვე, ჩავატარეთ დნმ-ის ანალიზი სიგარეტის ნამწვავებზე, რომლებიც მკვლელობის ადგილზე იყო აღმოჩენილი. ექსპერტიზამ გამორიცხა გიორგი ტოროშელიძის მკვლელობის ადგილზე ყოფნა. ექსპერტიზის დასკვნაში აღნიშნული იყო, რომ მკვლელობის ადგილზე იყო მესამე პირი, მაგრამ ეს არ იყო გიორგი ტოროშელიძე. სამწუხაროდ, გამოძიებამ ექსპერტიზის დასკვნა არ გაითვალისწინა და არ დაინტერესდა ვინ იყო ეს მესამე პირი.

გარდა ამისა, მოწმე მზია გახუტაშვილმა ჩვენება რამდენჯერმე შეცვალა. თუმცა, საქართველოს კანონმდებლობით თუ მოწმე ბრალდების სასარგებლოდ შეცვლის ჩვენებას, მას პასუხიმგებლობა არ ეკისრება, ხოლო თუ მოწმე დაცვის სასარგებლოს შეცვლის ჩვენებას მას პასუხისმგებლობა ეკისრება. სამწუხაროდ, ამ კუთხით საქართველოში მახინჯი პრაქტიკაა დანერგილი და იმედი მაქვს ოდესმე გამოსწორდება“, - ამბობს გაგი მოსიაშვილი.

ელენე ლაზარიაშვილი უარყოფს მოწმის მიერ ჩვენების შეცვლას, უარყოფს დნმ-ის ანალიზის ჩატარებასაც. „ჩვენ მხოლოდ ბიოლოგიური გამოკვლევა ჩავატარეთ. ვერ გეტყვით, შეიძლება დაცვის მხარემ ჩაატარა დნმ-ის ანალიზი. რაც შეეხებათ დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ მოწმეებს, ისინი სასამართლო პროცესზე დაიბნენ და ერთმანეთის საპირისპირო ჩვენებებს იძლეოდნენ. მახსოვს, ერთ-ერთმა მოწმემ მითხრა: ადვოკატმა მითხრა ასე თქვი, რომ გიორგი ტოროშელიძე გამართლდეს...“

გაგი მოსიაშვილი გამოძიების სუბიექტურობაზე და ტენდეციურობაზეც საუბრობს: „ როგორც კულუარული ინფორმაციით ვიცი, გამოძიებისთვის გიორგის დაკავების მიზეზი გახდა ის, რომ იგი არ მივიდა არც გასვენებაში და არც ორმოცზე. სამწუხაროდ, საქართველოში არ არსებობს სიღრმისეული გამოძიება, უფრო მეტწილად ზედაპირულია, როგორც ეს გიორგის შემთხვევაში მოხდა.“

ლადო სანიკიძე კი ამბობს, რომ: „ეს იყო გამოძიების მიერ შექმნილი სპექტაკლი. მათ უბრალოდ სჭირდებოდათ ვიღაცაზე ხელის დადება და საქმის დახურვა. ამოცნობაც კი  სარკისებურ ოთახში ჩაატარეს და არა პირისპირ. მე გიორგისგან ვიცი, მეორე ოთახიდან ესმოდა ქალის ხმა: ეს რა გამიკეთეთ, სხვა ადამიანზე დამადებინეთ ხელი.“

„სარკისებურ ოთახში ამოცნობა მსოფლიოში გავრცელებული და ყველაზე ცივილიზირებული ფორმაა, რომ ადამიანს შიშის გრძნობა არ გაუჩნდეს“, - ამბობს ელენე ლაზარიაშვილი.

თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი ტოროშელიძეს ათი წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გაგი მოსიაშვილის თქმით: „სასამართლოს გადაწყვტეილება  აბსოლუტურად უსაფუძვლო იყო. სასამართლოს არ ჰქონდა არანაირი სამართლებრივად დასაფუთებული არგუმენტები იმისა, რომ გიორგის მიმართ ასეთი განაჩენი გამოიტანა, რომელიც შემდეგ, სამწუხაროდ, ყველა ინსტანციამ ძალაში დატოვა.“

„ცოტათი თუ მაინც მანტიას პატივს სცემს ადამიანი ამ განაჩენს არ გამოიტანდა. ეს იყო პროკურატურის, როგორც ინსტიტუტის და პოლიციის, როგორც სადამსჯელო აპარატის ტრიუმფი, რომ ჩვენ სასამართლოში არ ვმარცხდებით. გიორგი ტოროშელიძე შეეწირა უდანაშაულობასთან ბრძოლას. იგი ისეთივე მაგალითია სახელმწიფოს ძალაუფლების მხილებისთვის, როგორც გვირგვლიანი და რობაქიძე“, - ამბობს ლადო სანიკიძე.

გიორგი ტოროშელიძე 2007 წლის 24 მაისს დააკავეს და თბილისში, ორთაჭალაში მდებარე, მე-5 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოათავსეს. დაახლოებით შვიდი თვის შემდეგ, გლდანში, მე-8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს. 2008 წლის აგვისტოს დასაწყისში გიორგი ტოროშელიძე რუსთავის მე-2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც იგი ტუბერკულიოზით დაავადდა. „გიორგის რამდენჯერმე შევხვდი ორთაჭალის და გლდანის ციხეში. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოტანის შემდეგ, ოჯახის წევრები თვეში ერთხელ ვნახულობდით. ჯანმრთელობის მხრივ იგი თავს კარგად გრძნობდა. 2008 წლის ოქტომბრის ბოლოს ან ნოემბრის დასაწყისში პაემანზე რომ მივედით, გიორგი უკვე ცუდად გამოიყურებოდა. ოთახში დამჯდარი გხვდებოდა, თუმცა მას არც ჩემთვის და არც დედასთვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ არაფერი უთქვამს.“ - ამბობს ინგა ტოროშელიძე.

2008 წლის 17 დეკემბერს ინგა ტოროშელიძეს ციხიდან ერთ-ერთმა პატიმარმა გია ტოროშელიძემ დაურეკა, რომელიც სასჯელს გიორგისთან ერთად იხდიდა და უთხრა: გიორგის ტუბერკულიოზი აღმოუჩინეს და დაეხმარეთ, იქნებ ქსნის ტუბერკულოზით დაავადებულ პატიმართა დაწესებულებაში გადაიყვანოთ.

„ამის შემდეგ, მე მუდმივად მივმართავდი რუსთავის მე-2 სასჯელაღსულების დაწესებულების ადმინისტრაციას და ვითხოვდი გიორგის ქსანში გადაყვანას, მაგრამ ჩემი მიმართვები რეაგირების გარეშე რჩებოდა. 2008 წლის დეკემბერში გიორგიმ სხვა რამდენიმე პატიმართან ერთად შიმშილობა დაიწყო, რომლებიც ასევე ქსანში გადაყვანას ითხოვდნენ. გიოსგან ვიცი, იანვრის თვეში მასთან ერთად შვიდი ბიჭი ვითომ იზოლირებულ ოთახში გადაიყვანეს, სადაც გათბობის სისტემა საერთოდ არ იყო. ადიელებს ითხოვდნენ და ისიც არ მისცეს. ფაქტიურად ეს ავადმყოფი ბავშვები გაიყინენ. ამის შემდეგ მისი მდგომარეობა გაუარესდა. რადგან ჩემი განცხადებები გიორგის ქსანში გადაყვანის შესახებ, რეაგირების გარეშე რჩებოდა, რუსთავის მე-2 დაწესებულების ექიმს სახლში მივაკითხე და არაოფიციალურად ვთხოვე დახმარება. მან კი მიპასუხა: მართალია გიორგის მდგომარეობა მძიმეა და გადაყვანა სჭირდება, მაგრამ მე არაფრის გაკეთება არ შემიძლია. გარდა ამისა, 2008 წლის დეკემბრიდან მუდმივად ვაგზავნიდი წამლებს ციხეში: ტრიაქსონს, ლაზოლვანს, პოლიჟენს, გიდროკორტიზონს, მაგრამ გიორგი მეუბნებოდა, რომ ამ წამლებს საერთოდ არ უკეთებდნენ“, - ამბობს ინგა ტოროშელიძე.

ციხის ადმინისტრაციაში მიმართვებმა რომ შედეგი არ გამოიღო და გიორგის მდგომარეობა  მეტად დამძიმდა, 2009 წლის 20 იანვარს ინგა ტოროშელიძემ საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლობას მიმართა. მიმართვიდან დაახლოებით სამ დღეში გიორგი რამდენიმე პატიმართან ერთად ქსნის ტუბერკულიოზით დაავადებულ პატიმართა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს.

„2009 წლის იანვრის ბოლოს, გიორგის მდგომარეობა უფრო მეტად დამძიმდა. გიორგი დამოუკიდებლად უკვე ვეღარ მოძრაობდა. პაემანზე რომ მივედით ორი პატიმრის დახმარებით შემოიყვანეს“, - ამბობს ინგა ტოროშელიძე.

2009 წლის 26 თებერვალს გიორგი გლდანში მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა. „უკანასკნელად დაახლოებით 2009 წლის მაისის პირველ რიცხვებში ვნახე და იგი თავს კარგად გრძნობდა. მართალია ეტლით ჩამოიყვანეს შეხვედრაზე, მაგრამ თვითონ მითხრა, რომ უკეთესად იყო და დამოუკიდებლად ადგომა შეეძლო“, - ამბობს გიორგის და.

2009 წლის 19 მაისს, მამა - შალვა ტოროშელიძე, დაახლოებით დილის 10 საათზე  მივიდა სამკურნალო დაწესებულებაში, რომ გიორგისთვის გაზეთები და პირადი ჰიგიენის ნივთები შეეგზავნა. ნივთები დაწესებულების ადმინისტრაციას გადასცა და ელოდებოდა რომ გიორგის წერილს გამოუტანდნენ, როგორც ეს ყოველთვის ხდებოდა. პირველ საათამდე ლოდინის შემდეგ შალვა ტოროშელიძემ ისევ იკითხა, რატომ არ გამოუტანეს გიორგის წერილი. მაშინ უთხრეს რომ მისი შვილი გამთენიისას, 5 საათზე გარდაიცვალა. საღამოს 5 საათზე შეგიძლიათ მოხვიდეთ და წაიყვანოთ.
„აბსოლუტურად დედიშობილა, ადიელაში გადახვეული, თვალებიც არ ჰქონდა დახუჭული, გისოსებს ქვემოდან გამოუგორეს. არც გიოს ნივთები სათვალე, წიგნაკი და საწერ კალამი გადმოგვცეს.

გიორგი რომ გადმოვასვენეთ, თავზე უკან გაჭრილი ჰქონდა და მუცელზეც იყო გაჭრილი. გარდა ამისა, ცხედარს მარჯვენა მხარეს, კისერზე სილურჯე ჰქონდა. ჩვენ ვივარაუდეთ, რომ მას ექსპერტიზა ჩაუტარდა, თუმცა პასუხი დღემდე არ ვიცით. რამდენჯერმე მივაკითხეთ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის საგამოძიებო დეპარტამენტს, მაგრამ გვითხრეს ჯერ არ არისო. გიორგის სასიკვდილო არაფერი სჭირდა. დარწმუნებული ვარ რომ ნემსი აქვს გაკეთებული და კომით არის გარდაცვლილი“, - ამბობს ინგა ტოროშელიძე.

„მე ბოლოს გიორგი მაშინ ვნახე, როცა საკასაციო საჩივარზე ხელი მომიწერა. ვერც კი წარმოვიდგენდი მის გარდაცვალებას. საკასაციო საჩივარი დათო სალუქვაძეს დაეწერა და დარწმუნებული ვიყავი, რომ ძალიან მალე პროცესი ჩაინიშნებოდა. მშვიდად ველოდებოდი პროცესს უზენაეს სასამართლოში.

თუმცა, ვიცი, რომ გიორგისთან ციხეში შედიოდნენ და ეუბნებოდნენ, მოაწერე საპროცესო ხელშეკრულებას ხელი და გახვალ, თორემ შენ აქ დაიღუპები. ამიტომ არ მკურნალობდნენ სათანადოდ. სრულიად ჯანმრთელი ადამიანი ძალიან მალე დაავადდა. დარწმუნებული ვარ, რომ მას ხელოვნურად შეყარეს ეს დაავადება“, - ამბობს ლადო სანიკიძე.

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ საქმე სტრასბურგში 2009 წლის დასაწყისში რამდენიმე მუხლით გაგზავნა. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე- 2 მუხლი: სიცოცხლის მოსპობა; მე-3 მუხლი: წამება, არაადამიანური მოპყრობის აკრძალვა; მე- 6 მუხლი: სამართლიანი სასამართლოს უფლება; მე-13 მუხლი: ეფექტური საშუალებების არარსებობა, ( ეროვნულ დონეზე უფლებების დაცვის ეფექტური საშუალებების არ არსებობა). 

„სიმართლე გითხრათ, მე უფრო მეტად კანონს ველოდები, რომელიც ძველი საქმეების გადახედვას ითვალისწინებს, ვიდრე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას. მე მინდა გიო საკუთარ ქვეყანაში გამართლდეს. მხოლოდ ორი სიტყვა მაქთმევინოს ჩემმა ქვეყანამ გიოს საფლავთან: „მართალი ხარ!“ - ამბობს ინგა ტოროშელიძე.










вторник, 26 августа 2014 г.

დაბერდები შენც



მზევინარ ხუციშვილი

„სიბერე ჩვენი ცხოვრების საფეხურია, რომელსაც, ისევე, როგორც მის სხვა ეტაპებს, აქვს საკუთარი სახე, საკუთარი ატმოსფერო და ტემპერატურა, საკუთარი სიხარული და დარდი. ჩვენ, ჭაღარა მოხუცებს, ისევე, როგორც ჩვენს უმცროს თანამოძმეებს, გვაქვს ამოცანა, რომელიც აზრს აძლევს ჩვენს არსებობას...“ ჰერმან ჰესეს მიერ აღწერილი თითოეული ადამიანის მომავლის ამ ფოტოს გაცნობიერება რთულია, მაგრამ შეუძლებელი არ აღმოჩნდა დაბა კაზრეთში მცხოვრებ, ფილოლოგ მადონა ყაფლანიშვილისთვის, რომელსაც ეკუთვნის პროექტის იდეა „ხანდაზმულთა შინმოვლა დაბა კაზრეთში“. „ძნელია, გულგრილად უყურო  მარტოხელა  ხანდაზმულებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, რომლებიც სახლებიდან ვერ გამოდიან. ისინი მრავალსართულიან  სახლებში ცხოვრობენ, სადაც  ლიფტი,  დიდი  ხანია, არ მუშაობს. კეთილი  მეზობელი  თუ  მოიკითხავს  ხანდახან  და  პურს  აუტანს  მაღაზიიდან,“ - ამბობს კაზრეთის აიპ „ქალთა  ინიციატივების“ დამფუძნებელი მადონა ყაფლანიშვილი.

„ხანდაზმულთა შინმოვლა დაბა კაზრეთში“ სამიდან („მოსწავლე ახალგაზრდობის დღის ცენტრი“ და „საგანმანათლებლო ბავშვთა დღის ცენტრი“) ერთ-ერთი სოციალური საწარმოა ბოლნისის მუნიციპალიტეტში, რომელიც „არბაითერ-სამარიტერ-ბუნდისა“ (ASB) და იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობის“ მხარდაჭერით ხორციელდება.

საწარმოს  მიზანია, დახმარება  გაუწიოს მარტოხელა, ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანებს მათი საბაზისო საჭიროებების დაკმაყოფილების, დამოუკიდებლობისა და სოციალიზაციის ხელშეწყობის მიზნით.

ექთანი მზია ვათიაშვილი, მზრუნველი გეგეციკ დილბარიანი, მრეცხავი ნინო ჯინჭარაშვილი, ტექნიკური დამხმარე ალექსანდრე ყაფლანიშვილი, -  ეს ადამიანები ბენეფიციარებთან კვირაში ორჯერ, განსაკუთრებული საჭიროების შემთხვევაში კი ხუთჯერ მიდიან და საბაზისო მომსახურებას უწევენ: ყიდულობენ საკვებ პროდუქტებს და სხვა აუცილებელ ნივთებს; ალაგებენ სახლს; რეცხავენ სარეცხს; უწევენ სამედიცინო დახმარებას; ტექნიკურ დახმარებას (მცირე შესაკეთებელი სამუშაოები სახლში); ასეირნებენ და ა.შ.

„ამ ადამიანებმა სიცოცხლის ხალისი დამიბრუნეს. სიცოცხლე აღარ მინდა, როცა პროექტის დასრულებაზე ვფიქრობ. არ ვიცი, რა მეშველება...“ - ამბობს 60 წლის ნანი დიაკონიძე, რომელსაც ქვედა  კიდურების  პარაპლეგია აქვს. კაზრეთში  ახლობელი  არავინ  ჰყავს. მისი ეტლი დაზიანებულია და ახალი სჭირდება. ორი სკამით გადაადგილდება, რის გამოც რამდენჯერმე დაეცა.

საწარმოს ამჟამად 17 ბენეფიციარი ჰყავს, რომლებიც შემდეგი კრიტერიუმებით ირჩევიან: ბოლნისის რაიონის დაბა კაზრეთსა და სოფელ კაზრეთში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, ან ჯანმრთელობის მძიმე პრობლემის მქონე პირი,  რის გამოც მას არ აქვს, ან მკვეთრად დაქვეითებული აქვს თვითმოვლის უნარი; სოციალურად დაუცველობის სტატუსი, ან მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა, რასაც ადასტურებს ადგილობრივი თემი/სამეზობლო; მარტოხელა პირი, რომელსაც არ ჰყავს მზრუნველი ოჯახში, რომელიც მის საბაზისო საჭიროებებს დააკმაყოფილებს; სოციალური მუშაკისგან მიღებული მომართვები ზემოთ მოცემული კრიტერიუმების მიხედვით. თუ მსურველთა რაოდენობა დადგენილ მაქსიმუმს აღემატება, ამ შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭებათ პირებს, რომელთაც მეტ სფეროში არ აქვთ, ან მკვეთრად აქვთ დაქვეითებული თვითმოვლის უნარი და სოციალური მუშაკისგან მიღებულ მომართვებს.

საწარმომ უკვე გამოიწვია ადგილობრივ მაცხოვრებლებს შორის დაინტერესება, მაგრამ როგორც მადონა ყაფლანიშვილი ამბობს: „ბევრი პრობლემა გვაქვს. ერთი მობილური ჯგუფი ვერ შესძლებს ამდენი ადამიანის დახმარებას. ასევე  პრობლემაა  ტრანსპორტი.  დაბასა  და  სოფელ  კაზრეთში  ჯგუფის  წევრები  ფეხით  დადიან. გვიწევს ბენეფიციარების რაიონულ ცენტრში ჩაყვანა.“

საწარმოსთვის ყოველთვიურად 1651 ლარია გამოყოფილი, რომელშიც გათვალისწინებულია თანამშრომლების მინიმალური ხელფასი  და 17 მუდმივი პრობლემის მქონე ბენეფიციარის უზრუნველყოფა.  

მანანა ჯალაღონია  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე  პირია. ავარიის შემდეგ  ყავარჯნებითაც  უჭირს სიარული. სჭირდება ძვირადღირებული  ოპერაცია და ვერ იკეთებს. არ  არის  პენსიონერი. არ აქვს  სოციალური  დახმარება. ახლობლები საკვებით ეხმარებიან. ჰყავს შვილები, მაგრამ უმუშევრობის გამო ერთი შვილი თავისი  ოჯახით მეუღლის  მშობლებთან ცხოვრობს, მეორე  შვილი პატიმარია.

„დიდი მადლობა  საერთაშორისო  ორგანიზაცია  Arbeiter-Samariter-Bund  Germany  (ASB) -სა  და  იძულებით  გადაადგილებულ  ქალთა  ასოციაცია  ,,თანხმობას”  მხარდაჭერისთვის, რომ  მომეცა  ამ  იდეის  განხორციელების  საშუალება.  კარგი  იქნება,  თუ  შევძლებთ  დაფინანსების  მოპოვებას, რადგან ამ ადამიანებს ძალიან  გაუჭირდებათ  თუ  აღარ  მივაკითხავთ,“ - ამბობს მადონა ყაფლანიშვილი.

შვილებმა მიატოვეს, კეთილმა ადამიანებმა შეიფარეს, რას იზამს სახელმწიფო? რთულია ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, რადგან თავის დროზე ზუგდიდის ადგილობრივმა ხელისუფლებამ უარი თქვა მოხუცების მოვლაზე. ზუგდიდში ხანდაზმულთა შინმოვლის სოციალური საწარმო  ამ ეტაპზე შეჩერებულია. რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ბოლნისის მუნიციპალიტეტში, 2014 წლის ბოლოს გახდება ცნობილი, როცა პროექტი დასრულდება და საწარმოს თავის თავის შენახვა თვითონ მოუწევს. სოციალური საწარმოს დახურვა რომ არ მოხდეს, საჭიროა ბოლნისის მუნიციპალიტეტის ფინანსური დახმარება.  „ამ ერთი წლის განმავლობაში ვერ მოხერხდა ბოლნისის რაიონის ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეხვედრა და მოლაპარაკება. მდგომარეობას მუნიციპალიტეტში მუდმივი ცვლილებები ართულებდა. ერთხელ ერთ კვირაში სამჯერ შეიცვალა გამგებელი. ახლა გვქონდა შეხვედრა საკრებულოს თავმჯდომარესთან. მოგვისმინა, მაგრამ...“ - ამბობს იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობის“ კოორდინატორი სოფა ბერია.

საერთოდ, სოციალური საწარმოების კონცეფცია საქართველოში ახალია  და ახლა იკიდებს ფეხს ქართულ ბაზარზე. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში კი სოციალური მეწარმეობა კარგად განვითარებული და აპრობირებული მეთოდია სხვადასხვა პრობლემებისა თუ გამოწვევის გადაჭრის მიზნით (სოციალური, გარემოს დაცვითი, ეკოლოგიური თუ სხვა).

„ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციის „ქალთა ინიციატივების“ მიერ დაარსებული სოციალური საწარმო, რომლის მიზანია სოციალურად დაუცველი, მარტოხელა ადამიანების დახმარება შინმოვლის სერვისის შეთავაზებით, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საწარმოა, რომელიც „არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი საქართველო“ ფინანსური დახმარებით ხორციელდება. კარგი იქნება თუ ადგილობრივი მთავრობა გაითვალისწინებს ამ ადამიანების მდგომარეობას და ხელს შეუწყობს პროექტის გაგრძელებას.“ - ამბობს „არბაითერ-სამარიტერ-ბუნდის“ პროექტების მენეჯერი გიორგი არსენიძე.






вторник, 22 апреля 2014 г.

ძალადობა სოციალურ საზღვარს არ სცნობს






რატომ დაიღუპა 1989 წლის 9 აპრილს ყველაზე მეტი ქალი? წლების შემდეგ, ამ კითხვას პასუხი გაეროს ქალთა ფონდმა ფოტოგრაფ ნაზი გაბაიძის გამოფენით გასცა. „არა მხოლოდ, იმიტომ, რომ ფიზიკურად სუსტები იყვნენ, არამედ, იმიტომ, რომ ბევრნი იყვნენ.“ - ამბობს გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროგრამის სპეციალისტი თამარ საბედაშვილი.

ფოტოგამოფენა „ქალთა სამოქალაქო აქტივობა 1988-1991 წლებში“ პარლამენტის ბიბლიოთეკაში ხუთი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და ნაზი გაბაიძის პირადი არქივიდან შერჩეულ 100-მდე ფოტოს მოიცავდა. გამოფენაზე წარმოდგენილი ფოტოები ასახავდა ქალების ჩართულობას იმდროინდელ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. „ერთის მხრივ ეს იყო, ქალი ფოტოგრაფის შემოქმედება, რომელმაც უსასყიდლოდ გადასცა თავისი ფოტოების იშვიათი არქივი საჯარო ბიბლიოთეკას. მეორეს მხრივ გვინდოდა სიმბოლური კავშირის ხაზგასმა, რომ, როცა ქვეყანას უჭირს, როცა საქმე ქუჩას ეხება, ქალები წინა ხაზზე არიან. თანასწორად და აქტიურად მონაწილეობენ მიმდინარე პროცესებში, როგორც კაცები, თუმცა ძალაუფლების გადანაწილების დროს ხდება მათი ჩამოშორება.“ - ამბობს თამარ საბედაშვილი.

50 წლის ნაზი გაბაიძე მიდიოდა მიტინგზე, მაგრამ მის ობიექტივში ხვდებოდნენ ქალები, - როგორც თავად ამბობს, - არა ქალი დედები, არამედ ემოციებით სავსე, მაგრამ მტკიცე ხასიათის, შემართებით სავსე, წინდახედული ქალი მოქალაქეები.

წლებია საქართველოში 8 მარტთან დაკავშირებით სხვადსხვა სახის ღონისძიებები იმართება, რომელსაც გენდერული თანასწორობის კვირეული ქვია. ნაზი გაბაიძის ფოტოგამოფენაც კვირეულის ფარგლებში გაიმართა და ამოსავალი წერტილი იყო ქალთა უფლებები და მათი როლი საზოგადოებაში.

 „ქალთა საერთაშორისო დღე მშრომელ ქალთა უფლებების დასაცავად დააწესეს. სიმბოლურად ქალებს ჩუქნიდნენ ყვავილებს, ამბობდნენ მათ სადღეგრძელოებს, მაგრამ არავინ ლაპარაკობდა ქალთა უფლებებზე, უთანასწორობაზე, მათ მისწრაფებებზე, მათი შესაძლებლოების რეალიზებაზე. ამ კვირეულის იდეაც სწორედ ეს იყო, დაგვესახა სწორი მიმართულებები ქალთა უფლებების გასაუმჯობესებლად. ჩვენი დაკვირვებით სხვადასხვა საკითხებში პოზიტიური ცვლილებები გვაქვს. მაგალითად, ოჯახში ძალადობის აღქმა. 2009 წელს საზოგადოების 78 %-ს მიაჩნდა რომ ის, რაც ოჯახში ხდება, არ უნდა გახმაურდეს და პრობლემა ოჯახშივე უნდა მოგვარდეს, მაგრამ 2013 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით უკვე 69 %-ი მიიჩნევს რომ ეს არის დანაშაული და უნდა იყოს დასჯადი. მაგრამ, ვერცერთი ღონისძიება ძირეულ ცვლილებებს ვერ მოახდენს. ადამიანების ქცევის, წესების, დამოკიდებულებების შეცვლა გრძელვადიანი პროცესია და თანმიმდევრული მუშაობა სჭირდება, არა მხოლოდ გაეროს და არასამთავრობო ორგანიზაციების, არამედ საზოგადოების და მთავრობის მხრიდან.“ - ამბობს თამარ საბედაშვილი.

ყოველ წელს გაერო მსოფლიო მასშტაბით სხვადასხვა სლოგანით აღნიშნავს ქალთა საერთაშორისო დღეს. 2014 წლის სლოგანია - გენდერული თანასწორობა პროგრესია ყველასთვის. პროგრესი კი დიალოგით იწყება, - ასე თვლიან გენდერული თანასწორობის კვირეულის ორგანიზატორები. „პრობლემის გადაჭრა სწორედ მისი აღიარებითა და ღია დისკუსიით იწყება. გაეროს განვითარების პროგრამამ გასულ წელს ჩაატარა კვლევა საზოგადოების დამოკიდებულების შესასწავლად გენდერული თანასწორობის მიმართ პოლიტიკასა და ბიზნესში. როდესაც ჩვენი კვლევის შედეგები შევადარეთ ხუთი წლის წინ ჩატარებულ მსგავსი ტიპის კვლევებს, აღმოჩნდა, რომ საზოგადოების დამოკიდებულება გენდერული თანასწორობის მიმართ თითქმის არ შეცვლილა. ასეთ ცვლილებებს დრო და აქტიური მუშაობა სჭირდება. ამ ეტაპზე ჩვენი მიზანია ღია და გულწრფელი საზოგადოებრივი მსჯელობის დაწყება გენდერული უთანასწორობის შესახებ. სწორედ ამას ემსახურება საკომუნიკაციო კამპანია „შეიცვალე აზრი.“ ინოვაციური და ინტერაქტიული მეთოდებით ვცდილობთ დავაინტერესოთ საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენლები გამოხატონ საკუთარი აზრი და იკამათონ გენდერული თანასწორობის შესახებ.“ - ამბობს გაეროს განვითარების პროგრამის გენდერული თანასწორობის პროექტის მენეჯერი ქეთი მახარაშვილი.

მსოფლიო კვლევებმა დაადასტურა, რომ ძალაუფლების დემონსტრირება, დომინირება და კონტროლი ძალადობის გამომწვევი მიზეზებია. ქალებზე ძალადობენ ოჯახში - მამები, ძმები, შვილები, ქმრები. ამ საკითხზე სასაუბროდ მზაობა სხვადასხვანაირია. თბილისში შედარებით გახსნილია საზოგადოება. არის რეგიონები, სადაც საერთოდ არ აღიარებენ.

„ეს დამოკიდებულია ინფორმირებულობასთან. მნიშვნელოვანია იცოდეს ადამიანმა: რას მიიღებს თუ პრობლემას გაახმაურებს ან დამალავს, როგორ იმოქმედებს ის მომავალ თაობაზე. ამ ადამიანებს ყველაზე მეტად საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდებათ. საზოგადოება კი ბევრს ითხოვს ქალისგან და მიაჩნია, რომ თუ მსგავსი ფაქტები ხდება, დამნაშავე ისევ ქალია. იწყება ღალატის მოტივის ძებნა. სტერეოტიპები იწყებს ისევ მოქმედებას: „კარგი ცხენი მათრახს არ დაირტყამს“ და ა.შ. მსხვერპლის მენტალიტეტიც ასეთია, ხშირ შემთხვევაში საკუთარ თავს ადანაშაულებს. ჩვენი კვლევების და გამოცდილების მიხედვით, ყველაზე კრიტიკული მომენტი ქალებისთვის არის, როცა საქმე შვილებს ეხება. ძალადობა ისეთი ფენომენია, რომელიც არ ცნობს არანაირ სოციალურ საზღვარს. ერთადერთი რასთანაც ძალადობა  კორელაციაში მოდის, ეს არის ქალის განათლების დონე. თუ ქალი განათლებული და ინფორმირებულია არ მოითმენს.“ - ამბობს თამარ საბედაშვილი.

სტამბოლოს კონვენციაშიც ხაზგასმით არის აღნიშნული რომ, გენდერული უთანასწორობა ოჯახში ძალადობას იწვევს. სტამბოლის კონვენციაზე საქართველომ ვალდებულება 2013 წელს აიღო, რომ ხელმოწერის რატიფიცირებას  2014 წლისთვის მოახდენს. ამის შესახებ განცხადება 2013 წლის აპრილში პრემიერმა ივანიშვილმა ევროპის საბჭოს მინისტერიალზე გააკეთა. „როგორც ჩვენთვის ცნობილია, ამ ეტაპზე აღმასრულებელ ხელისუფლებაში მიმდინარეობს კონსულტაციები. საგარეო საქმეთა სამინისტროს კოორდინირებით ამზადებენ თავიაანთ პოზიციას, რაც შემდეგ გადაეგზავნება პარლამენტს გადაწყვეტილების მისაღებად. გარდა ამისა, ჩვენი მხარდაჭერით მოხდა კანონმდებლობის ანალიზი, ევროპის საბჭოს სტამბოლის კონვენციასთან შესაბამისობის კუთხით, რამდენად შეესაბამება ჩვენი ადგილობრივი კანონმდებლობა კონვენციას. ეს ანალიზიც უკვე გადაეგზავნა პარლამენტს.“ - ამბობს თამარ საბედაშვილი.

ამ ეტაპზე სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციები, ძალადობის მსხვერპლ ქალებს დახმარებას თბილისსა და რეგიონებში გახსნილი თავშესაფრებით სთავაზობს. თავშესაფარში ისინი სამი თვე რჩებიან და სამედიცინო მომსახურებას, ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას, იურიდიულ კონსულტაციას და სოციალური მუშაკის დახმარებას იღებენ. სამი თვის შემდეგ, ეს ადამიანები უნდა წავიდნენ, იქ, სადაც მათ მოძალადე არ შეაწუხებს. თუმცა არის შემთხვევები, როცა წასასვლელი არსად აქვთ და უკან ბრუნდებიან. „სამწუხაროდ, ქონებრივი პრობლემა არის ყველაზე მწვავე და ყველაზე დიდი ბარიერი რატომაც ქალები ძალადობას ითმენენ.“ - ამბობს თამარ საბედაშვილი.

2013 წელს სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა, გაეროს მოსახლეობის ფონდის მხარდაჭერით ჩაატარა გამოკითხვა, რომელიც მიზნად ისახავდა გენდერული თანასწორობის მიმართ კაცების დამოკიდებულებების გამოვლენას; მათი გამოცდილების, ჩართულობის აღწერას საოჯახო საქმეებში და ისეთ სოციალურ პრაქტიკებში, რომლებიც მეუღლესთან, პარტნიორთან თანაცხოვრებას და გამოცდილების გაზიარებას მოითხოვს. გამოკითხვაში ქალებმაც მიიღეს მონაწილეობა რათა შესაძლებელი გამხდარიყო ორივე სქესის მოსაზრებების შედარება.

კვლევის „კაცები და გენდერული ურთიერთობები“ პრეზენტაცია სწორედ გენდერული თანასწორობის კვირეულის ფარგლებში გაიმართა. „ვფიქრობ, საინტერესო და მნიშვნელოვანი კვლევაა, რომელიც სხვადასხვა პროგრამების და პროექტების დაგეგმვას შეუწყობს ხელს. ასევე, ცნობიერებას აამაღლებს მამების ჩართულობის მნიშვნელობის შესახებ, როგორც ბავშვის აღზრდაში და სხვადასხვა საოჯახო საქმეების გადანაწილებაში, ასევე გენდერული თანასწორობის მიმართ.“ - ამბობს გაეროს მოსახლეობის ფონდის კომუნიკაციების სპეციალისტი მირიან ჯუღელი.

P.S. გენდერული კვირეულის ორგანიზატორები არიან: გაეროს წარმომადგენლობა საქართველოში და გაეროს სააგენტოები - გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) და გაეროს ქალთა ფონდი (UN Women). კვირეული გაიმართა გაეროს ერთობლივი პროგრამის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) ხელშეწყობით.

მზევინარ ხუციშვილი