რატომ დაიღუპა 1989 წლის 9 აპრილს ყველაზე მეტი ქალი? წლების
შემდეგ, ამ კითხვას პასუხი გაეროს ქალთა ფონდმა ფოტოგრაფ ნაზი გაბაიძის გამოფენით გასცა.
„არა მხოლოდ, იმიტომ, რომ ფიზიკურად სუსტები იყვნენ, არამედ, იმიტომ, რომ ბევრნი იყვნენ.“
- ამბობს გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროგრამის სპეციალისტი თამარ საბედაშვილი.
ფოტოგამოფენა „ქალთა სამოქალაქო აქტივობა 1988-1991
წლებში“ პარლამენტის ბიბლიოთეკაში ხუთი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და ნაზი გაბაიძის
პირადი არქივიდან შერჩეულ 100-მდე ფოტოს მოიცავდა. გამოფენაზე წარმოდგენილი ფოტოები
ასახავდა ქალების ჩართულობას იმდროინდელ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. „ერთის მხრივ ეს
იყო, ქალი ფოტოგრაფის შემოქმედება, რომელმაც უსასყიდლოდ გადასცა თავისი ფოტოების იშვიათი
არქივი საჯარო ბიბლიოთეკას. მეორეს მხრივ გვინდოდა სიმბოლური კავშირის ხაზგასმა, რომ,
როცა ქვეყანას უჭირს, როცა საქმე ქუჩას ეხება, ქალები წინა ხაზზე არიან. თანასწორად
და აქტიურად მონაწილეობენ მიმდინარე პროცესებში, როგორც კაცები, თუმცა ძალაუფლების
გადანაწილების დროს ხდება მათი ჩამოშორება.“ - ამბობს თამარ საბედაშვილი.
50 წლის ნაზი გაბაიძე მიდიოდა მიტინგზე, მაგრამ მის
ობიექტივში ხვდებოდნენ ქალები, - როგორც თავად ამბობს, - არა ქალი დედები, არამედ ემოციებით
სავსე, მაგრამ მტკიცე ხასიათის, შემართებით სავსე, წინდახედული ქალი მოქალაქეები.
წლებია საქართველოში 8 მარტთან დაკავშირებით სხვადსხვა
სახის ღონისძიებები იმართება, რომელსაც გენდერული თანასწორობის კვირეული ქვია. ნაზი
გაბაიძის ფოტოგამოფენაც კვირეულის ფარგლებში გაიმართა და ამოსავალი წერტილი იყო ქალთა
უფლებები და მათი როლი საზოგადოებაში.
„ქალთა საერთაშორისო
დღე მშრომელ ქალთა უფლებების დასაცავად დააწესეს. სიმბოლურად ქალებს ჩუქნიდნენ ყვავილებს,
ამბობდნენ მათ სადღეგრძელოებს, მაგრამ არავინ ლაპარაკობდა ქალთა უფლებებზე, უთანასწორობაზე,
მათ მისწრაფებებზე, მათი შესაძლებლოების რეალიზებაზე. ამ კვირეულის იდეაც სწორედ ეს
იყო, დაგვესახა სწორი მიმართულებები ქალთა უფლებების გასაუმჯობესებლად. ჩვენი დაკვირვებით
სხვადასხვა საკითხებში პოზიტიური ცვლილებები გვაქვს. მაგალითად, ოჯახში ძალადობის აღქმა.
2009 წელს საზოგადოების 78 %-ს მიაჩნდა რომ ის, რაც ოჯახში ხდება, არ უნდა გახმაურდეს
და პრობლემა ოჯახშივე უნდა მოგვარდეს, მაგრამ 2013 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით
უკვე 69 %-ი მიიჩნევს რომ ეს არის დანაშაული და უნდა იყოს დასჯადი. მაგრამ, ვერცერთი
ღონისძიება ძირეულ ცვლილებებს ვერ მოახდენს. ადამიანების ქცევის, წესების, დამოკიდებულებების
შეცვლა გრძელვადიანი პროცესია და თანმიმდევრული მუშაობა სჭირდება, არა მხოლოდ გაეროს
და არასამთავრობო ორგანიზაციების, არამედ საზოგადოების და მთავრობის მხრიდან.“ - ამბობს
თამარ საბედაშვილი.
ყოველ წელს გაერო მსოფლიო
მასშტაბით სხვადასხვა სლოგანით აღნიშნავს ქალთა საერთაშორისო დღეს. 2014 წლის სლოგანია
- გენდერული თანასწორობა პროგრესია ყველასთვის. პროგრესი კი დიალოგით იწყება,
- ასე თვლიან გენდერული თანასწორობის კვირეულის ორგანიზატორები. „პრობლემის გადაჭრა
სწორედ მისი აღიარებითა და ღია დისკუსიით იწყება. გაეროს განვითარების პროგრამამ გასულ
წელს ჩაატარა კვლევა საზოგადოების დამოკიდებულების შესასწავლად გენდერული თანასწორობის
მიმართ პოლიტიკასა და ბიზნესში. როდესაც ჩვენი კვლევის შედეგები შევადარეთ ხუთი წლის
წინ ჩატარებულ მსგავსი ტიპის კვლევებს, აღმოჩნდა, რომ საზოგადოების დამოკიდებულება
გენდერული თანასწორობის მიმართ თითქმის არ შეცვლილა. ასეთ ცვლილებებს დრო და აქტიური
მუშაობა სჭირდება. ამ ეტაპზე ჩვენი მიზანია ღია და გულწრფელი საზოგადოებრივი მსჯელობის
დაწყება გენდერული უთანასწორობის შესახებ. სწორედ ამას ემსახურება საკომუნიკაციო კამპანია
„შეიცვალე აზრი.“ ინოვაციური და ინტერაქტიული მეთოდებით ვცდილობთ დავაინტერესოთ საზოგადოების
სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენლები გამოხატონ საკუთარი აზრი და იკამათონ გენდერული
თანასწორობის შესახებ.“ - ამბობს გაეროს
განვითარების პროგრამის გენდერული თანასწორობის პროექტის მენეჯერი ქეთი მახარაშვილი.
მსოფლიო კვლევებმა დაადასტურა,
რომ ძალაუფლების დემონსტრირება, დომინირება და კონტროლი ძალადობის გამომწვევი მიზეზებია.
ქალებზე ძალადობენ ოჯახში - მამები, ძმები, შვილები, ქმრები. ამ
საკითხზე სასაუბროდ მზაობა სხვადასხვანაირია. თბილისში შედარებით გახსნილია საზოგადოება.
არის რეგიონები, სადაც საერთოდ არ აღიარებენ.
„ეს დამოკიდებულია ინფორმირებულობასთან. მნიშვნელოვანია
იცოდეს ადამიანმა: რას მიიღებს თუ პრობლემას გაახმაურებს ან დამალავს, როგორ იმოქმედებს
ის მომავალ თაობაზე. ამ ადამიანებს ყველაზე მეტად საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდებათ.
საზოგადოება კი ბევრს ითხოვს ქალისგან და მიაჩნია, რომ თუ მსგავსი ფაქტები ხდება, დამნაშავე
ისევ ქალია. იწყება ღალატის მოტივის ძებნა. სტერეოტიპები იწყებს ისევ მოქმედებას:
„კარგი ცხენი მათრახს არ დაირტყამს“ და ა.შ. მსხვერპლის მენტალიტეტიც ასეთია, ხშირ
შემთხვევაში საკუთარ თავს ადანაშაულებს. ჩვენი კვლევების და გამოცდილების მიხედვით,
ყველაზე კრიტიკული მომენტი ქალებისთვის არის, როცა საქმე შვილებს ეხება. ძალადობა ისეთი
ფენომენია, რომელიც არ ცნობს არანაირ სოციალურ საზღვარს. ერთადერთი რასთანაც ძალადობა კორელაციაში მოდის, ეს არის ქალის განათლების დონე.
თუ ქალი განათლებული და ინფორმირებულია არ მოითმენს.“ - ამბობს თამარ საბედაშვილი.
სტამბოლოს კონვენციაშიც
ხაზგასმით არის აღნიშნული რომ, გენდერული უთანასწორობა ოჯახში ძალადობას
იწვევს. სტამბოლის კონვენციაზე საქართველომ ვალდებულება 2013 წელს აიღო, რომ ხელმოწერის
რატიფიცირებას 2014 წლისთვის მოახდენს. ამის
შესახებ განცხადება 2013 წლის აპრილში პრემიერმა ივანიშვილმა ევროპის საბჭოს მინისტერიალზე
გააკეთა. „როგორც ჩვენთვის ცნობილია, ამ ეტაპზე აღმასრულებელ ხელისუფლებაში მიმდინარეობს
კონსულტაციები. საგარეო საქმეთა სამინისტროს კოორდინირებით ამზადებენ თავიაანთ პოზიციას,
რაც შემდეგ გადაეგზავნება პარლამენტს გადაწყვეტილების მისაღებად. გარდა ამისა, ჩვენი
მხარდაჭერით მოხდა კანონმდებლობის ანალიზი, ევროპის საბჭოს სტამბოლის კონვენციასთან
შესაბამისობის კუთხით, რამდენად შეესაბამება ჩვენი ადგილობრივი კანონმდებლობა კონვენციას.
ეს ანალიზიც უკვე გადაეგზავნა პარლამენტს.“ - ამბობს თამარ საბედაშვილი.
ამ ეტაპზე სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციები,
ძალადობის მსხვერპლ ქალებს დახმარებას თბილისსა და რეგიონებში გახსნილი თავშესაფრებით
სთავაზობს. თავშესაფარში ისინი სამი თვე რჩებიან და სამედიცინო მომსახურებას, ფსიქოლოგიურ
რეაბილიტაციას, იურიდიულ კონსულტაციას და სოციალური მუშაკის დახმარებას იღებენ. სამი
თვის შემდეგ, ეს ადამიანები უნდა წავიდნენ, იქ, სადაც მათ მოძალადე არ შეაწუხებს. თუმცა
არის შემთხვევები, როცა წასასვლელი არსად აქვთ და უკან ბრუნდებიან. „სამწუხაროდ, ქონებრივი
პრობლემა არის ყველაზე მწვავე და ყველაზე დიდი ბარიერი რატომაც ქალები ძალადობას ითმენენ.“
- ამბობს თამარ საბედაშვილი.
2013 წელს სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა,
გაეროს მოსახლეობის ფონდის მხარდაჭერით ჩაატარა გამოკითხვა, რომელიც მიზნად ისახავდა
გენდერული თანასწორობის მიმართ კაცების დამოკიდებულებების გამოვლენას; მათი გამოცდილების,
ჩართულობის აღწერას საოჯახო საქმეებში და ისეთ სოციალურ პრაქტიკებში, რომლებიც მეუღლესთან,
პარტნიორთან თანაცხოვრებას და გამოცდილების გაზიარებას მოითხოვს. გამოკითხვაში ქალებმაც
მიიღეს მონაწილეობა რათა შესაძლებელი გამხდარიყო ორივე სქესის მოსაზრებების შედარება.
კვლევის „კაცები და გენდერული ურთიერთობები“ პრეზენტაცია
სწორედ გენდერული თანასწორობის კვირეულის ფარგლებში გაიმართა. „ვფიქრობ, საინტერესო
და მნიშვნელოვანი კვლევაა, რომელიც სხვადასხვა პროგრამების და პროექტების დაგეგმვას
შეუწყობს ხელს. ასევე, ცნობიერებას აამაღლებს მამების ჩართულობის მნიშვნელობის შესახებ,
როგორც ბავშვის აღზრდაში და სხვადასხვა საოჯახო საქმეების გადანაწილებაში, ასევე გენდერული
თანასწორობის მიმართ.“ - ამბობს გაეროს მოსახლეობის ფონდის კომუნიკაციების სპეციალისტი
მირიან ჯუღელი.
P.S.
გენდერული კვირეულის ორგანიზატორები არიან: გაეროს წარმომადგენლობა საქართველოში და
გაეროს სააგენტოები - გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), გაეროს მოსახლეობის ფონდი
(UNFPA) და გაეროს ქალთა ფონდი (UN Women). კვირეული გაიმართა გაეროს ერთობლივი პროგრამის
ფარგლებში, რომელიც ხორციელდება შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის
სააგენტოს (Sida) ხელშეწყობით.
მზევინარ ხუციშვილი