вторник, 26 августа 2014 г.

დაბერდები შენც



მზევინარ ხუციშვილი

„სიბერე ჩვენი ცხოვრების საფეხურია, რომელსაც, ისევე, როგორც მის სხვა ეტაპებს, აქვს საკუთარი სახე, საკუთარი ატმოსფერო და ტემპერატურა, საკუთარი სიხარული და დარდი. ჩვენ, ჭაღარა მოხუცებს, ისევე, როგორც ჩვენს უმცროს თანამოძმეებს, გვაქვს ამოცანა, რომელიც აზრს აძლევს ჩვენს არსებობას...“ ჰერმან ჰესეს მიერ აღწერილი თითოეული ადამიანის მომავლის ამ ფოტოს გაცნობიერება რთულია, მაგრამ შეუძლებელი არ აღმოჩნდა დაბა კაზრეთში მცხოვრებ, ფილოლოგ მადონა ყაფლანიშვილისთვის, რომელსაც ეკუთვნის პროექტის იდეა „ხანდაზმულთა შინმოვლა დაბა კაზრეთში“. „ძნელია, გულგრილად უყურო  მარტოხელა  ხანდაზმულებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, რომლებიც სახლებიდან ვერ გამოდიან. ისინი მრავალსართულიან  სახლებში ცხოვრობენ, სადაც  ლიფტი,  დიდი  ხანია, არ მუშაობს. კეთილი  მეზობელი  თუ  მოიკითხავს  ხანდახან  და  პურს  აუტანს  მაღაზიიდან,“ - ამბობს კაზრეთის აიპ „ქალთა  ინიციატივების“ დამფუძნებელი მადონა ყაფლანიშვილი.

„ხანდაზმულთა შინმოვლა დაბა კაზრეთში“ სამიდან („მოსწავლე ახალგაზრდობის დღის ცენტრი“ და „საგანმანათლებლო ბავშვთა დღის ცენტრი“) ერთ-ერთი სოციალური საწარმოა ბოლნისის მუნიციპალიტეტში, რომელიც „არბაითერ-სამარიტერ-ბუნდისა“ (ASB) და იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობის“ მხარდაჭერით ხორციელდება.

საწარმოს  მიზანია, დახმარება  გაუწიოს მარტოხელა, ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანებს მათი საბაზისო საჭიროებების დაკმაყოფილების, დამოუკიდებლობისა და სოციალიზაციის ხელშეწყობის მიზნით.

ექთანი მზია ვათიაშვილი, მზრუნველი გეგეციკ დილბარიანი, მრეცხავი ნინო ჯინჭარაშვილი, ტექნიკური დამხმარე ალექსანდრე ყაფლანიშვილი, -  ეს ადამიანები ბენეფიციარებთან კვირაში ორჯერ, განსაკუთრებული საჭიროების შემთხვევაში კი ხუთჯერ მიდიან და საბაზისო მომსახურებას უწევენ: ყიდულობენ საკვებ პროდუქტებს და სხვა აუცილებელ ნივთებს; ალაგებენ სახლს; რეცხავენ სარეცხს; უწევენ სამედიცინო დახმარებას; ტექნიკურ დახმარებას (მცირე შესაკეთებელი სამუშაოები სახლში); ასეირნებენ და ა.შ.

„ამ ადამიანებმა სიცოცხლის ხალისი დამიბრუნეს. სიცოცხლე აღარ მინდა, როცა პროექტის დასრულებაზე ვფიქრობ. არ ვიცი, რა მეშველება...“ - ამბობს 60 წლის ნანი დიაკონიძე, რომელსაც ქვედა  კიდურების  პარაპლეგია აქვს. კაზრეთში  ახლობელი  არავინ  ჰყავს. მისი ეტლი დაზიანებულია და ახალი სჭირდება. ორი სკამით გადაადგილდება, რის გამოც რამდენჯერმე დაეცა.

საწარმოს ამჟამად 17 ბენეფიციარი ჰყავს, რომლებიც შემდეგი კრიტერიუმებით ირჩევიან: ბოლნისის რაიონის დაბა კაზრეთსა და სოფელ კაზრეთში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, ან ჯანმრთელობის მძიმე პრობლემის მქონე პირი,  რის გამოც მას არ აქვს, ან მკვეთრად დაქვეითებული აქვს თვითმოვლის უნარი; სოციალურად დაუცველობის სტატუსი, ან მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა, რასაც ადასტურებს ადგილობრივი თემი/სამეზობლო; მარტოხელა პირი, რომელსაც არ ჰყავს მზრუნველი ოჯახში, რომელიც მის საბაზისო საჭიროებებს დააკმაყოფილებს; სოციალური მუშაკისგან მიღებული მომართვები ზემოთ მოცემული კრიტერიუმების მიხედვით. თუ მსურველთა რაოდენობა დადგენილ მაქსიმუმს აღემატება, ამ შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭებათ პირებს, რომელთაც მეტ სფეროში არ აქვთ, ან მკვეთრად აქვთ დაქვეითებული თვითმოვლის უნარი და სოციალური მუშაკისგან მიღებულ მომართვებს.

საწარმომ უკვე გამოიწვია ადგილობრივ მაცხოვრებლებს შორის დაინტერესება, მაგრამ როგორც მადონა ყაფლანიშვილი ამბობს: „ბევრი პრობლემა გვაქვს. ერთი მობილური ჯგუფი ვერ შესძლებს ამდენი ადამიანის დახმარებას. ასევე  პრობლემაა  ტრანსპორტი.  დაბასა  და  სოფელ  კაზრეთში  ჯგუფის  წევრები  ფეხით  დადიან. გვიწევს ბენეფიციარების რაიონულ ცენტრში ჩაყვანა.“

საწარმოსთვის ყოველთვიურად 1651 ლარია გამოყოფილი, რომელშიც გათვალისწინებულია თანამშრომლების მინიმალური ხელფასი  და 17 მუდმივი პრობლემის მქონე ბენეფიციარის უზრუნველყოფა.  

მანანა ჯალაღონია  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე  პირია. ავარიის შემდეგ  ყავარჯნებითაც  უჭირს სიარული. სჭირდება ძვირადღირებული  ოპერაცია და ვერ იკეთებს. არ  არის  პენსიონერი. არ აქვს  სოციალური  დახმარება. ახლობლები საკვებით ეხმარებიან. ჰყავს შვილები, მაგრამ უმუშევრობის გამო ერთი შვილი თავისი  ოჯახით მეუღლის  მშობლებთან ცხოვრობს, მეორე  შვილი პატიმარია.

„დიდი მადლობა  საერთაშორისო  ორგანიზაცია  Arbeiter-Samariter-Bund  Germany  (ASB) -სა  და  იძულებით  გადაადგილებულ  ქალთა  ასოციაცია  ,,თანხმობას”  მხარდაჭერისთვის, რომ  მომეცა  ამ  იდეის  განხორციელების  საშუალება.  კარგი  იქნება,  თუ  შევძლებთ  დაფინანსების  მოპოვებას, რადგან ამ ადამიანებს ძალიან  გაუჭირდებათ  თუ  აღარ  მივაკითხავთ,“ - ამბობს მადონა ყაფლანიშვილი.

შვილებმა მიატოვეს, კეთილმა ადამიანებმა შეიფარეს, რას იზამს სახელმწიფო? რთულია ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, რადგან თავის დროზე ზუგდიდის ადგილობრივმა ხელისუფლებამ უარი თქვა მოხუცების მოვლაზე. ზუგდიდში ხანდაზმულთა შინმოვლის სოციალური საწარმო  ამ ეტაპზე შეჩერებულია. რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ბოლნისის მუნიციპალიტეტში, 2014 წლის ბოლოს გახდება ცნობილი, როცა პროექტი დასრულდება და საწარმოს თავის თავის შენახვა თვითონ მოუწევს. სოციალური საწარმოს დახურვა რომ არ მოხდეს, საჭიროა ბოლნისის მუნიციპალიტეტის ფინანსური დახმარება.  „ამ ერთი წლის განმავლობაში ვერ მოხერხდა ბოლნისის რაიონის ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეხვედრა და მოლაპარაკება. მდგომარეობას მუნიციპალიტეტში მუდმივი ცვლილებები ართულებდა. ერთხელ ერთ კვირაში სამჯერ შეიცვალა გამგებელი. ახლა გვქონდა შეხვედრა საკრებულოს თავმჯდომარესთან. მოგვისმინა, მაგრამ...“ - ამბობს იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობის“ კოორდინატორი სოფა ბერია.

საერთოდ, სოციალური საწარმოების კონცეფცია საქართველოში ახალია  და ახლა იკიდებს ფეხს ქართულ ბაზარზე. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში კი სოციალური მეწარმეობა კარგად განვითარებული და აპრობირებული მეთოდია სხვადასხვა პრობლემებისა თუ გამოწვევის გადაჭრის მიზნით (სოციალური, გარემოს დაცვითი, ეკოლოგიური თუ სხვა).

„ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციის „ქალთა ინიციატივების“ მიერ დაარსებული სოციალური საწარმო, რომლის მიზანია სოციალურად დაუცველი, მარტოხელა ადამიანების დახმარება შინმოვლის სერვისის შეთავაზებით, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საწარმოა, რომელიც „არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი საქართველო“ ფინანსური დახმარებით ხორციელდება. კარგი იქნება თუ ადგილობრივი მთავრობა გაითვალისწინებს ამ ადამიანების მდგომარეობას და ხელს შეუწყობს პროექტის გაგრძელებას.“ - ამბობს „არბაითერ-სამარიტერ-ბუნდის“ პროექტების მენეჯერი გიორგი არსენიძე.