მზევინარ ხუციშვილი
დანაშაული: მკვლელობა.
მკვლელობის დრო:
2007 წლის 5 მაისი, ღამის 12 საათი.
ადგილი:
საქართველო, ქალაქი თბილისი, სანზონა.
მსხვერპლი:
ზაზა გულვერდაშვილი.
„დამნაშავე“:
გიორგი ტოროშელიძე.
გამომძიებელი:
მარიანა ჩოლოიანი.
პროკურორი:
ელენე ლაზარიაშვილი.
გიორგი ტოროშელიძის
ადვოკატები: „საქართველოს
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ადვოკატი გაგი მოსიაშვილი. მოგვიანებით საქმეში ადვოკატი
ლადო სანიკიძე ჩაერთო.
მოწმე:
გარდაცვლილის დედა მზია გახუტაშვილი.
საქალაქო სასამართლოს
მოსამართლე: მაია ჯვარშეიშვილი.
ქართული მართლმსაჯულების მიერ დამნაშავედ გამოცხადებული
გიორგი ტოროშელიძის ოჯახი დაგვიანებულ სამართალს სტრასბურგისგან ელის. ოჯახის წევრებს ბოლომდე
არც „ოცნების“ ხელისუფლებისგან დაპირებული - მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის
შექმნის იმედი დაუკარგავთ. ახალგაზრდა, რომელიც
სასამართლომ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 10 წლით გაგზავნა, არასათანადო პირობებში
ყოფნის გამო დაავადმყოფდა და მალევე გარდაიცვალა. ტოროშელიძის გარდაცვალების ფაქტი
„ნაციონალური“ ციხის სტატისტიკის ნაწილი გახდა.
მანამდე კი „კრიმინალური“ ისტორია ასე
დაიწყო:
ზაზა გულვერდაშვილი ბინაში მარტო ცხოვრობდა. კარის მეზობლად
ცხოვრობდნენ ზაზას დედა, მამინაცვალი და მისი შვილები. გამოძიება მკვლელობის ღამეს
დაიწყო და პირველად გარდაცვლილის დედა მზია გახუტაშვილი დაიკითხა. პროკურორი ელენე
ლაზარიაშვილი ამბობს, რომ გამოძიება, სწორედ, მზია გახუტაშვილის ჩვენებით გავიდა გიორგი
ტოროშელიძის კვალზე. „ზაზას კომპიუტერიდან ამოღებული იყო ფოტოები და ერთ-ერთ ფოტოზე
მზია გახუტაშვილმა ამოიცნო მისი შვილის მკვლელი.“
როგორც გაგი მოსიაშვილი ამბობს, თავდაპირველად, გამოძიებას
ორი ეჭვმიტანილი ჰყავდა: გიორგი ტოროშელიძე და ლევან ინასარიძე. ლევან ინასარიძეს ალიბი
აღმოაჩნდა, რომ ის იმ ღამეს საკუთარ სახლში მეგობრებთან ერთად იყო. ლევან ინასარიძე
დღეს საუბარს თავს არიდებს: „მე თქვენთვის სათქმელი არაფერი მაქვს. რაც მქონდა სათქმელი,
გამოძიებას უკვე მოვახსენე.“
გიორგი ტოროშელიძე დაკითხვებზე მარტო, ადვოკატის გარეშე
მიდიოდა. „ჩვენ არ გვქონდა საშუალება ადვოკატი აგვეყვანა. თუმცა, გიორგის მკვლელობა
არ ჩაუდენია და არც თვლიდა საჭიროდ ადვოკატის აყვანას. მოგვიანებით, გიორგი რომ დაიჭირეს,
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“ მივმართეთ“ ,- ამბობს გიორგი ტოროშელიძეს
და, ინგა ტოროშელიძე.
„სამწუხაროდ,
გიორგის ბრალდება ემყარებოდა ირიბ მოწმეებს და ერთადერთი ქალბატონის, გარდაცვლილის
დედის ჩვენებას, რომელიც გამოძიებამ დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნო. ჩვენ მას სასამართლო
პროცესზე დავუსვით კითხვა: დარწმუნებული ხართ თუ არა, რომ ღამე, იმ სიბნელეში ნამდვილად
გიორგი დაინახეთ, რომელიც კიბეზე ჩამორბოდა. მან გვიპასუხა: შეუცდომელი მარტო მამაღმერთია.
დანარჩენი რაიმე სახის პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც აშკარას გახდიდა გიორგის მკვლელობის
ადგილზე ყოფნას, საქმეში არ იყო.
მიუხედავად იმისა, რომ მე საქმეში ცოტა გვიან ჩავერთე,
ფაქტობრივად გამოძიების ბოლო ეტაპი იყო, ჩვენ, დაცვის მხარემ წარვადგინეთ მოწმეები,
რომლებიც ადასტურებენ, რომ იმ დღეს, მკვლელობის დროს, გიორგი სახლში იყო. აგრეთვე,
ჩავატარეთ დნმ-ის ანალიზი სიგარეტის ნამწვავებზე, რომლებიც მკვლელობის ადგილზე იყო
აღმოჩენილი. ექსპერტიზამ გამორიცხა გიორგი ტოროშელიძის მკვლელობის ადგილზე ყოფნა. ექსპერტიზის
დასკვნაში აღნიშნული იყო, რომ მკვლელობის ადგილზე იყო მესამე პირი, მაგრამ ეს არ იყო
გიორგი ტოროშელიძე. სამწუხაროდ, გამოძიებამ ექსპერტიზის დასკვნა არ გაითვალისწინა და
არ დაინტერესდა ვინ იყო ეს მესამე პირი.
გარდა ამისა, მოწმე მზია გახუტაშვილმა ჩვენება რამდენჯერმე
შეცვალა. თუმცა, საქართველოს კანონმდებლობით თუ მოწმე ბრალდების სასარგებლოდ შეცვლის
ჩვენებას, მას პასუხიმგებლობა არ ეკისრება, ხოლო თუ მოწმე დაცვის სასარგებლოს შეცვლის
ჩვენებას მას პასუხისმგებლობა ეკისრება. სამწუხაროდ, ამ კუთხით საქართველოში მახინჯი
პრაქტიკაა დანერგილი და იმედი მაქვს ოდესმე გამოსწორდება“, - ამბობს გაგი მოსიაშვილი.
ელენე ლაზარიაშვილი უარყოფს მოწმის მიერ ჩვენების შეცვლას,
უარყოფს დნმ-ის ანალიზის ჩატარებასაც. „ჩვენ მხოლოდ ბიოლოგიური გამოკვლევა ჩავატარეთ.
ვერ გეტყვით, შეიძლება დაცვის მხარემ ჩაატარა დნმ-ის ანალიზი. რაც შეეხებათ დაცვის
მხარის მიერ წარმოდგენილ მოწმეებს, ისინი სასამართლო პროცესზე დაიბნენ და ერთმანეთის
საპირისპირო ჩვენებებს იძლეოდნენ. მახსოვს, ერთ-ერთმა მოწმემ მითხრა: ადვოკატმა მითხრა
ასე თქვი, რომ გიორგი ტოროშელიძე გამართლდეს...“
გაგი მოსიაშვილი გამოძიების სუბიექტურობაზე და ტენდეციურობაზეც
საუბრობს: „ როგორც კულუარული ინფორმაციით ვიცი, გამოძიებისთვის გიორგის დაკავების
მიზეზი გახდა ის, რომ იგი არ მივიდა არც გასვენებაში და არც ორმოცზე. სამწუხაროდ, საქართველოში
არ არსებობს სიღრმისეული გამოძიება, უფრო მეტწილად ზედაპირულია, როგორც ეს გიორგის
შემთხვევაში მოხდა.“
ლადო სანიკიძე კი ამბობს, რომ: „ეს იყო გამოძიების მიერ
შექმნილი სპექტაკლი. მათ უბრალოდ სჭირდებოდათ ვიღაცაზე ხელის დადება და საქმის დახურვა.
ამოცნობაც კი სარკისებურ ოთახში ჩაატარეს და
არა პირისპირ. მე გიორგისგან ვიცი, მეორე ოთახიდან ესმოდა ქალის ხმა: ეს რა გამიკეთეთ,
სხვა ადამიანზე დამადებინეთ ხელი.“
„სარკისებურ ოთახში ამოცნობა მსოფლიოში გავრცელებული
და ყველაზე ცივილიზირებული ფორმაა, რომ ადამიანს შიშის გრძნობა არ გაუჩნდეს“, - ამბობს
ელენე ლაზარიაშვილი.
თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი ტოროშელიძეს ათი
წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გაგი მოსიაშვილის თქმით: „სასამართლოს გადაწყვტეილება აბსოლუტურად უსაფუძვლო იყო. სასამართლოს არ ჰქონდა
არანაირი სამართლებრივად დასაფუთებული არგუმენტები იმისა, რომ გიორგის მიმართ ასეთი
განაჩენი გამოიტანა, რომელიც შემდეგ, სამწუხაროდ, ყველა ინსტანციამ ძალაში დატოვა.“
„ცოტათი თუ მაინც მანტიას პატივს სცემს ადამიანი ამ
განაჩენს არ გამოიტანდა. ეს იყო პროკურატურის, როგორც ინსტიტუტის და პოლიციის, როგორც
სადამსჯელო აპარატის ტრიუმფი, რომ ჩვენ სასამართლოში არ ვმარცხდებით. გიორგი ტოროშელიძე
შეეწირა უდანაშაულობასთან ბრძოლას. იგი ისეთივე მაგალითია სახელმწიფოს ძალაუფლების
მხილებისთვის, როგორც გვირგვლიანი და რობაქიძე“, - ამბობს ლადო სანიკიძე.
გიორგი ტოროშელიძე 2007 წლის 24 მაისს დააკავეს და თბილისში,
ორთაჭალაში მდებარე, მე-5 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოათავსეს. დაახლოებით შვიდი
თვის შემდეგ, გლდანში, მე-8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს. 2008 წლის
აგვისტოს დასაწყისში გიორგი ტოროშელიძე რუსთავის მე-2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში
გადაიყვანეს, სადაც იგი ტუბერკულიოზით დაავადდა. „გიორგის რამდენჯერმე შევხვდი ორთაჭალის
და გლდანის ციხეში. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოტანის შემდეგ, ოჯახის
წევრები თვეში ერთხელ ვნახულობდით. ჯანმრთელობის მხრივ იგი თავს კარგად გრძნობდა.
2008 წლის ოქტომბრის ბოლოს ან ნოემბრის დასაწყისში პაემანზე რომ მივედით, გიორგი უკვე
ცუდად გამოიყურებოდა. ოთახში დამჯდარი გხვდებოდა, თუმცა მას არც ჩემთვის და არც დედასთვის
ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ არაფერი უთქვამს.“ - ამბობს ინგა ტოროშელიძე.
2008 წლის 17 დეკემბერს ინგა ტოროშელიძეს ციხიდან ერთ-ერთმა
პატიმარმა გია ტოროშელიძემ დაურეკა, რომელიც სასჯელს გიორგისთან ერთად იხდიდა და უთხრა:
გიორგის ტუბერკულიოზი აღმოუჩინეს და დაეხმარეთ, იქნებ ქსნის ტუბერკულოზით დაავადებულ
პატიმართა დაწესებულებაში გადაიყვანოთ.
„ამის შემდეგ, მე მუდმივად მივმართავდი რუსთავის მე-2
სასჯელაღსულების დაწესებულების ადმინისტრაციას და ვითხოვდი გიორგის ქსანში გადაყვანას,
მაგრამ ჩემი მიმართვები რეაგირების გარეშე რჩებოდა. 2008 წლის დეკემბერში გიორგიმ სხვა
რამდენიმე პატიმართან ერთად შიმშილობა დაიწყო, რომლებიც ასევე ქსანში გადაყვანას ითხოვდნენ.
გიოსგან ვიცი, იანვრის თვეში მასთან ერთად შვიდი ბიჭი ვითომ იზოლირებულ ოთახში გადაიყვანეს,
სადაც გათბობის სისტემა საერთოდ არ იყო. ადიელებს ითხოვდნენ და ისიც არ მისცეს. ფაქტიურად
ეს ავადმყოფი ბავშვები გაიყინენ. ამის შემდეგ მისი მდგომარეობა გაუარესდა. რადგან ჩემი
განცხადებები გიორგის ქსანში გადაყვანის შესახებ, რეაგირების გარეშე რჩებოდა, რუსთავის
მე-2 დაწესებულების ექიმს სახლში მივაკითხე და არაოფიციალურად ვთხოვე დახმარება. მან
კი მიპასუხა: მართალია გიორგის მდგომარეობა მძიმეა და გადაყვანა სჭირდება, მაგრამ მე
არაფრის გაკეთება არ შემიძლია. გარდა ამისა, 2008 წლის დეკემბრიდან მუდმივად ვაგზავნიდი
წამლებს ციხეში: ტრიაქსონს, ლაზოლვანს, პოლიჟენს, გიდროკორტიზონს, მაგრამ გიორგი მეუბნებოდა,
რომ ამ წამლებს საერთოდ არ უკეთებდნენ“, - ამბობს ინგა ტოროშელიძე.
ციხის ადმინისტრაციაში მიმართვებმა რომ შედეგი არ გამოიღო
და გიორგის მდგომარეობა მეტად დამძიმდა,
2009 წლის 20 იანვარს ინგა ტოროშელიძემ საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის
წარმომადგენლობას მიმართა. მიმართვიდან დაახლოებით სამ დღეში გიორგი რამდენიმე პატიმართან
ერთად ქსნის ტუბერკულიოზით დაავადებულ პატიმართა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს.
„2009 წლის იანვრის ბოლოს, გიორგის მდგომარეობა უფრო
მეტად დამძიმდა. გიორგი დამოუკიდებლად უკვე ვეღარ მოძრაობდა. პაემანზე რომ მივედით
ორი პატიმრის დახმარებით შემოიყვანეს“, - ამბობს ინგა ტოროშელიძე.
2009 წლის 26 თებერვალს გიორგი გლდანში მსჯავრდებულთა
და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა.
„უკანასკნელად დაახლოებით 2009 წლის მაისის პირველ რიცხვებში ვნახე და იგი თავს კარგად
გრძნობდა. მართალია ეტლით ჩამოიყვანეს შეხვედრაზე, მაგრამ თვითონ მითხრა, რომ უკეთესად
იყო და დამოუკიდებლად ადგომა შეეძლო“, - ამბობს გიორგის და.
2009 წლის 19 მაისს, მამა - შალვა ტოროშელიძე, დაახლოებით
დილის 10 საათზე მივიდა სამკურნალო დაწესებულებაში,
რომ გიორგისთვის გაზეთები და პირადი ჰიგიენის ნივთები შეეგზავნა. ნივთები დაწესებულების
ადმინისტრაციას გადასცა და ელოდებოდა რომ გიორგის წერილს გამოუტანდნენ, როგორც ეს ყოველთვის
ხდებოდა. პირველ საათამდე ლოდინის შემდეგ შალვა ტოროშელიძემ ისევ იკითხა, რატომ არ
გამოუტანეს გიორგის წერილი. მაშინ უთხრეს რომ მისი შვილი გამთენიისას, 5 საათზე გარდაიცვალა.
საღამოს 5 საათზე შეგიძლიათ მოხვიდეთ და წაიყვანოთ.
„აბსოლუტურად დედიშობილა, ადიელაში
გადახვეული, თვალებიც არ ჰქონდა დახუჭული, გისოსებს ქვემოდან გამოუგორეს. არც გიოს
ნივთები სათვალე, წიგნაკი და საწერ კალამი გადმოგვცეს.
გიორგი რომ გადმოვასვენეთ, თავზე უკან გაჭრილი ჰქონდა
და მუცელზეც იყო გაჭრილი. გარდა ამისა, ცხედარს მარჯვენა მხარეს, კისერზე სილურჯე ჰქონდა.
ჩვენ ვივარაუდეთ, რომ მას ექსპერტიზა ჩაუტარდა, თუმცა პასუხი დღემდე არ ვიცით. რამდენჯერმე
მივაკითხეთ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის საგამოძიებო დეპარტამენტს, მაგრამ გვითხრეს
ჯერ არ არისო. გიორგის სასიკვდილო არაფერი სჭირდა. დარწმუნებული ვარ რომ ნემსი აქვს
გაკეთებული და კომით არის გარდაცვლილი“, - ამბობს ინგა ტოროშელიძე.
„მე ბოლოს გიორგი მაშინ ვნახე, როცა საკასაციო საჩივარზე ხელი
მომიწერა. ვერც კი წარმოვიდგენდი მის გარდაცვალებას. საკასაციო საჩივარი დათო სალუქვაძეს
დაეწერა და დარწმუნებული ვიყავი, რომ ძალიან მალე პროცესი ჩაინიშნებოდა. მშვიდად ველოდებოდი
პროცესს უზენაეს სასამართლოში.
თუმცა, ვიცი, რომ გიორგისთან ციხეში შედიოდნენ და ეუბნებოდნენ,
მოაწერე საპროცესო ხელშეკრულებას ხელი და გახვალ, თორემ შენ აქ დაიღუპები. ამიტომ არ
მკურნალობდნენ სათანადოდ. სრულიად ჯანმრთელი ადამიანი ძალიან მალე დაავადდა. დარწმუნებული
ვარ, რომ მას ხელოვნურად შეყარეს ეს დაავადება“, - ამბობს ლადო სანიკიძე.
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ საქმე
სტრასბურგში 2009 წლის დასაწყისში რამდენიმე მუხლით გაგზავნა. ადამიანის უფლებათა ევროპული
კონვენციის მე- 2 მუხლი: სიცოცხლის მოსპობა; მე-3 მუხლი: წამება, არაადამიანური მოპყრობის
აკრძალვა; მე- 6 მუხლი: სამართლიანი სასამართლოს უფლება; მე-13 მუხლი: ეფექტური საშუალებების
არარსებობა, ( ეროვნულ დონეზე უფლებების დაცვის ეფექტური საშუალებების არ არსებობა).
„სიმართლე გითხრათ, მე უფრო მეტად კანონს ველოდები,
რომელიც ძველი საქმეების გადახედვას ითვალისწინებს, ვიდრე სტრასბურგის სასამართლოს
გადაწყვეტილებას. მე მინდა გიო საკუთარ ქვეყანაში გამართლდეს. მხოლოდ ორი სიტყვა მაქთმევინოს
ჩემმა ქვეყანამ გიოს საფლავთან: „მართალი ხარ!“ - ამბობს ინგა ტოროშელიძე.