„ვახ, როგორ ხარ ქალაქელო?“
- მომიკითხავდა სოფელში ჩასულს ცირა და გააგრძელებდა, - „მე კარგად ვარ. აბა, როგორ
ვიქნებით, შრომაში, როგორც სოფლელებს შეგვეფერება...“ მერე, სოფლის ამბებს მიყვებოდა:
ვინ გათხოვდა, ვინ ცოლი მოიყვანა, ვინ ქალაქში წავიდა საცხოვრებლად, რომელ ოჯახს რა
პრობლემა ჰქონდა, თუმცა არასდროს ლაპარაკობდა საკუთარი ოჯახის პრობლემებზე და პირად
ცხოვრებაზე. მეც ვიჯექი და ვუსმენდი ცირას ენაგატეხილ ლაპარაკს. ხან მეღიმებოდა, ხან
ვეკითხებოდი, ძირითადად ვეთანხმებოდი, მაგრამ არასდროს არ ვეკამათებოდი. ვიცოდი, რომ
ცირამ ქვების სროლა იცოდა. რაც მთავარია, ლაპარაკის დროს აუცილებლად თვალებში ვუყურებდი.
ცირა ახლაც რომ გელაპარაკება თვალებში გიყურებს, თითქოს გამოწმებს რას ფიქრობ, ხომ
არ დასცინი.
ცირამ მხოლოდ რვა
კლასი დაამთავრა. საშუალო სკოლა ქარელის რაიონის საზღვრისპირა სოფელ თამარაშენში არ
არის. ბავშვები სკოლას მოსაზღვრე სოფლებში ამთავრებენ, სადაც ძირითადად ფეხით დადიან.
ცირას ერთადერთი ფეხსაცმელი კი ზამთარ- ზაფხულ კალოში
იყო, ტანსაცმელი კი ნაჩუქარი. თუმცა, მისი მთავარი პრობლემა ჯანმრთელობა იყო.
ცირას ოჯახის წევრებს
- ძმას და მშობლებს ვიცნობდი, მაგრამ მის ოჯახში წელს პირველად ვიყავი. თითქმის ათი
წლის უნახავი ცირა, წელს ვნახე. სოფელში ჩასულს არსად არ შემხვდა, მაგრამ არც მისი
ძებნა დამჭირდა. მთელი სოფელი მხოლოდ ცირას ოჯახურ პრობლემებზე ლაპარაკობს. ლაპარაკობენ
როგორ და რატომ არ დაუნიშნეს მის ოჯახს სოციალური დახმარება.
ცირას დედას - ზეინაბ
კაჟაშვილს უკვე ოთხი წელია დიაბეტი აქვს, მამას ცისტიტის მწვავე ფორმა, ძმას დიაბეტი
და ჰეპატიტი, ცირას ბავშვობიდან ფსიქოლოგიური პრობლემები. მათი ერთადერთი შემოსავალი
კი ცირას მშობლების პენსია - 300 ლარია. მათ საკუთრებაშია რვა მეასედი კარ-მიდამო,
65 მეასედი ნაკვეთი და ხუთი ქათამი. მათ ეგრეთ წოდებულ სახლში კი ისე წვიმს, როგორც
გარეთ. სოციალური აგენტის სტუმრობის შემდეგ, ცირას ოჯახმა 74 ათასი ქულა მიიღო.
„შაქრის ანალიზი რომ
გამიკეთეს, 400 მქონდა. ექიმი ინსულინს ნიშნავდა, მაგრამ ნემსის მეშინია. ამიტომ, ჩვენი
პენსია მხოლოდ, ჩემს წამლებში არ გვყოფნის. ჩემი მეუღლე ვერ მიდის ექიმთან. რა აზრი
აქვს ექიმთან მისვლას, როცა წამლებს ვერ ვიყიდით. ორივე ცოლ-ქმარი დაუძლურებულები ვართ.
მუშაობა არ შეგვიძლია. გოგო (ცირა) რომ არ გვყავდეს სახლში, აქამდე ცხრაჯერ იქნებოდა
ჩემი საფლავი „გაკრასკული“. ვერც ვხედავ, ხან წაღმა ვიცმემ ტანსაცმელს და ხან უკუღმა.
მე არავისი არ მშურს და არ მეხარბება, ჩვენ კონფლიქტის ზონაში ვცხოვრობთ და დახმარება
ყველას უნდა გვქონდეს, მაგრამ ჩემზე უკეთეს მდგომარეობაში მყოფი ოჯახები იღებენ დახმარებას.
თბილისში რომ ჩავედი, მითხრეს: - თქვენ აღრიცხვაზე ხართ, როგორც ღარიბი-ღატაკი. მაღალი
ქულები რომ მოგვივიდა, უნდა გამესაჩივრებინა, მაგრამ გოგომ მითხრა, დედა გადაგვემტერებიანო
და თავი შევიკავე ...“ - ამბობს ზეინაბ კაჟაშვილი.
ცირას ძმა ირაკლი
კაჟაშვილი სამხედრო სამსახურში კონტრაქტზე მხოლოდ რამდენიმე თვე იყო. დიაბეტი რომ აღმოაჩნდა,
სამსახურიდან გამოუშვეს. მანამდე კი, 2008 წლის 8 აგვისტოს ომში იბრძოდა. მოგვიანებით
ჰეპატიტიც აღმოაჩნდა. ახლა ირაკლი სამ შვილთან ერთად მეუღლის ოჯახში ცხოვრობს. მშობლებმა
საქონელი მისი ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად გაყიდეს.
„ცოლის სამშობლოში
ზის. სამი ბიჭი ყავს. აქვს ჰეპატიტის ფორმა, რომელიც
არ იკურნება და შაქარი. 2008 წლის ომში იყო. კონტრაქტიდან დაითხოვეს იმიტომ, რომ ავადმყოფია.
მოვიდნენ, მოიყვანონ ვინც უნდათ და გაგვსინჯონ, ყველას ჯანმრთელობის პრობლემები გვაქვს.
სოციალური აგენტი ნათია, რომ მოვიდა, მეზობლებს დავუძახეთ, მაგრამ არავინ არ შემოუშვა.
რა ჩაწერა არც კი გვანახა და რაზე მოგვაწერინა ხელი არ ვიცით. სარდაფს ჩააცივდა, სარდაფი
გაქვთო. ცარიელია ის სარდაფი და რად მინდა.
საქონელი გავყიდე,
რომ ბავშვს მაინც ემკურნალა. სამი შვილი ყავს, ვერ მუშაობს და ხელის შეწყობა ხომ უნდოდა...“
- ამბობს ზეინაბ კაჟაშვილი.
სოციალური მომსახურეობის სააგენტოს ინფორმაციით, ქარელის რაიონის სოფელ
თამარაშენში დახმარებას 33 ოჯახი, ანუ 113 პირი იღებს. ქვეყნის მასშტაბით დახმარებას იღებს ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების 12-13
%... სოფელ თამარაშენში კი დახმარების მიმღებია ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების 43 %, რომელთა შორის ვერ მოხვდა კაჟაშვილების „ღარიბი-ღატაკი“
ოჯახი.
სოციალური დახმარების ქულათა მინიჭების ახალი მეთოდოლოგია, რომელშიც გათვალისწინებულია ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები და სიღარიბის ტენდენციები, ძალაში 2015 წლის მაისში შევიდა და ოჯახების გადამოწმება ახალი წესით
დაიწყო. ახალი მეთოდოლოგიის
მიხედვით, „ოჯახის შეფასებისას მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ოჯახის შემოსავალს და პოტენციურად შემოსავლის მომტან ქონებას“.
რეფორმა მთელს საქართველოში ერთნაირად ამოქმედდება. კონფლიქტის ზონის საზღვრისპირა
სოფლების ადგილობრივი მოსახლეობა კი თვლის, რომ სასაზღვრო გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში
სოციალური დახმარება ყველა ოჯახს უნდა ჰქონდეს. რადგან კონფლიქტით დაზარალებულ სოფლებში, განსაკუთრებით კი
გამყოფი ხაზის მიმდებარე თემებში ძალიან მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ფონია. სოფლების დიდმა ნაწილმა 2008 წლის საომარი მოქმედებების შემდეგ დაკარგა წვდომა სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწებზე და
საძოვრებზე, რაც მათი
შინამეურნეობის ძირითად წყაროს წარმოადგენდა. იმ
სოფლებში სადაც მიწა
აქვთ, ჯერ ისევ
პრობლემაა სარწყავი წყალი. მართალია, ბოლო
წლებში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული ღონისძიებები გატარდა, როგორიცაა გაზიფიკაცია, ჭაბურღილების მშენებლობა, გზების, სკოლებისა და
ამბულატორიების რეაბილიტაცია, თუმცა, ძირითად პრობლემად დღეისთვის რჩება შემოსავლის არ
ქონა, რაც ადგილობრივ მოსახლეობას დამოკიდებულს ხდის
სახელმწიფო დახმარებებზე, მათ
შორის პენსიასა და
საარსებო შემწეობაზე.
სოციალური მომსახურების სააგენტოში ამბობენ, რომ: „სოციალურად დაუცველთათვის სტატუსის მინიჭების ახალი მეთოდოლოგია მთელი ქვეყნის მასშტაბით არსებული საჭიროებების გამო შემუშავდა. ამ პროგრამაში ცალკე
რომელიმე რეგიონის გამოყოფა, მართებული არ იქნებოდა, რადგან პროგრამამ, რაც შეიძლება მეტი ადამიანი უნდა მოიცვას, რომელსაც რეალურად სჭირდება დახმარება“.
მოსახლეობა კი თვლის,
რომ ოჯახებისთვის ქულების მინიჭება უსამართლოდ ხდება. კაჟაშვილების ოჯახი ერთადერთი
და გამონაკლისი არ არის, ვინც სოციალური დახმარების პროგრამაში ვერ მოხვდა. მსგავსი
შემთხვევები ფიქსირდება სხვა გამყოფი ხაზის სოფლებშიც. მოსახლეობა უნდობლობას სოციალური
აგენტების მიმართ გამოხატავს, რადგან ოჯახების აღწერას ისინი აკეთებენ და ინფორმაციას
გადასცემენ სოციალური მომსახურეობის სააგენტოს. ქულას კი პროგრამა ანუ კომპიუტერი ითვლის.
მოსახლეობა თვლის, რომ სოციალური აგენტების დახმარებით და ხელშეწყობით, დახმარებას
ის ოჯახები იღებენ, რომლებსაც არ ეკუთვნით, ამიტომ დახმარების გარეშე რჩებიან უკიდურესად
ღარიბი ოჯახები.
მზევინარ ხუციშვილი
P.S. სურვილისამებრ
ვაზიარებთ. არ ვგლიჯავთ ტექსტს. სააგენტოები, საიტები არ „ვაკოპირებთ“...