ათი წელი ვიმუშავე პრინციპით: როცა, წერას ვიწყებ, ბევრი
არ ვიფიქრო, როგორ დავიწყო. მთავარია დავწერო, მერე ყველაფერი თავისით დალაგდება. დღეს
კი, პირველად აღმოვჩნდი მდგომარეობაში, როცა არ ვიცი საერთოდ, რით, როგორ, საიდან უნდა
დავიწყო. რადგან, ბოლო ერთმა კვირამ მაჩვენა, რომ უკვე შეუძლებელია ჩვენმა ქვეყანამ კიდევ დიდხანს შეძლოს ამ პირობებში
არსებობა. რადგან ვიცი, რომ მე საბაჟოდან წამალი წამოვიღე, მაგრამ პრობლემა ამით არ
დასრულდა და ანალოგიური შემთხვევები ყოველდღიურად უამრავ ადამიანს ანადგურებს.
მთელ მსოფლიოში ლორენცოს ზეთი ერთადერთი სამკურნალო
საშუალებაა იშვიათი გენეტიკური დაავადების
-
ადრენოლეიკოდისტროფიით დაავადებული ადამიანებისთვის. თუმცა, მისი
ეფექტიანობის დადგენის მიზნით, იგი კვლევის ფაზაშია და საკვებ დანამატად ითვლება. ერთი 500 მლ ლორენცოს
ზეთის ბოთლი 140 ევრო ღირს და მისი მიღება დამოკიდებულია პაციენტის სიმაღლეზე, წონაზე
და ასაკზე. წამალს ყველა ქვეყანა მხოლოდ საკუთარ მოქალაქეებზე გასცემს. ერთადერთი ქვეყანა,
რომელიც ქართველ პაციენტებს წამალს აძლევს, რუსეთია.
6 წლის გუგა ხუხუნიას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა
და სოციალური დაცვის სამინისტრომ უკვე მეორედ დაუფინანსა ლორენცოს ზეთი. წამალი დაფინანსდა, თუმცა, მოსკოვიდან ის ოჯახს თვითონ
უნდა ჩამოეტანა. ოჯახის ახლობელმა წამალი, ინვოისთან და სხვა დოკუმენტებთან ერთად, ნაცნობს გამოატანა, რომელიც საქართველოში
მოდიოდა. 3 მარტს, ღამის 12 საათზე, წამალი ყაზბეგში საბაჟოზე დალუქეს და ლილოს საბაჟოზე გამოგზავნეს. მიზეზი,
როგორც საბაჟოს წარმომადგენელმა ტელეფონში მითხრა, იყო: წამალი დიდი თანხის არის და
აუცილებელია, შედგეს დეკლარაცია, რომ ის ქვეყანაში შემოვიდა. 4 მარტს, დილის 5 საათზე, ლილოს საბაჟოზე
წამალი გუგას ბებიის სახელზე გაფორმდა. სულ წამალი 5 ათას 400 ლარის იყო. საბაჟო კი
განბაჟებისთვის 2 ათას ლარს ითხოვდა, რადგან ჩვენს ქვეყანაში საკვები დანამატები
12-18 პროცენტით იბეგრება. რა თქმა უნდა, ოჯახს ამ თანხის გადახდის საშუალება არ ჰქონდა.
შევეცადეთ, საბაჟოს თანამშრომლებისთვის აგვეხსნა ოჯახის და ბავშვის მდგომარეობა,
თუმცა აღმოჩნდა, რომ მაშინ, როცა ყველა ქვეყანა წამალს საკუთარ მოქალაქეებზე უფასოდ გასცემს, ჩვენ
უკვე ნაყიდი წამალი, საკუთარი სახელმწიფოსგანაც უნდა გამოვისყიდოთ.
დღეს, როცა ინტერნეტის საშუალებით შესაძლებელია ნებისმიერი
ინფორმაციის მოძიება, ერთი ზარით, ერთი წერილით შესაძლებელია პრობლემის მოგვარება,
საწოლს მიჯაჭვული ბავშვის დედა, ერთი კვირა სამინისტროდან სამინისტროში არბენინეს.
ჯერ მოითხოვეს ჯანდაცვის სამინისტროდან წერილები, რომ ლორენცოს ზეთი ნამდვილად არის მედიკამენტი და
ის, ბავშვისთვის ნამდვილად ჯანდაცვის სამინისტრომ დააფინანსა. მეორე დღეს მოითხოვეს
ჰუმანიტარული ტვირთის საბუთი, შემდეგი მიზეზი კი იყო, რომ ლორენცოს ზეთი საქართველოში
რეგისტრირებული არ არის.
ოჯახმა წამლის წამოღება საბაჟოდან მხოლოდ ჯანდაცვის
სამინისტროს, საჯარო სამართლის იურიდიული პირის, სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო
რეგულირების სააგენტოს წერილის შემდეგ შეძლო, სადაც აღნიშნულია, რომ: „თქვენი წერილის პასუხად,
სადაც ითხოვთ ინდივიდუალური საჭიროებისთვის მცენარეული წამოშობის სამკურნალო საშუალება
ლორენცოს ზეთის 500 მლ საქართველოში შემოტანის ნებართვას, გაცნობებთ შემდეგს:
„წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს
კანონის 1113 მუხლის „გ“ პუნქტის თანახმად, დაშვებულია ფიზიკური პირის ინდივიდუალური
საჭიროებისთვის არარეგისტრირებული ფარმაცევტული პროდუქტის ქვეყანაში შემოტანა, რომელიც
სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ნებართვას არ საჭიროებს.
დამატებით გაცნობებთ, რომ „ფიზიკური პირის ინდივიდუალური
საჭიროებისათვის საქართველოს ტერიტორიაზე შემოსატანი და საქართველოს ტერიტორიიდან გასატანი
სამკურნალო საშუალებების ოდენობების განსაზღვრის შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა
და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 15 ივნისის №01-31/ნ
ბრძანების პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ნებადართულია საქართველოს
ბაზარზე დაშვების უფლების არმქონე (არარეგისტრირებული) ფარმაცევტული პროდუქტის საქართველოს
ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს ტერიტორიიდან გატანა შემდეგი ოდენობებით:
„ა) სამედიცინო
დოკუმენტაციის გარეშე ფიზიკური პირის ინდივიდუალური საჭიროებისთვის არა უმეტეს ათი
სტანდარტული შეფუთვისა წამლის მოქმედების მიმართ, მისი პირადი პასუხისმგებლობით“;
„გ) თუ საქართველოს მოქალაქე ფიზიკურ პირს ესაჭიროება
სამკურნალო საშუალება ათ სტანდარტულ შეფუთვაზე მეტი ოდენობით, მაშინ სამკურნალო საშუალების
საჭირო რაოდენობით ქვეყანაში შემოტანა ხორციელდება შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაციის
საფუძველზე, სამკურნალო საშუალების დღიური დოზის გადაანგარიშებით მკურნალობის კურსზე“.
ორი სამინისტრო ერთ ქვეყანაში, რომელთა თანამშრომლებმა, გარდა იმისა, რომ ერთმანეთის
კანონები, დებულებები, ბრძანებები არ იციან, არანაირი კომუნიკაცია არ გააჩნიათ ერთმანეთთან.
სანამ საბაჟოს წარმომადგენლები არკვევდნენ, რა უნდოდათ, საწყობში წამალი ფუჭდებოდა (მას სპეციალური
პირობები, მაცივარი სჭირდება), ბავშვს სახლში წამალი აღარ ჰქონდა და ვერ იღებდა შესაბამის
დოზას. ლორენცოს
ზეთის მიღება კი, ამ დიაგნოზის ადამიანებისთვის
აუცილებელია,
რადგან სხვა ცხიმის მიღება არ შეიძლება. ეს ზეთი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა საჭირო
ცხიმები მიიღოს და ასევე, შეჩერდეს არასასურველი ცხიმების გამოყოფაც.
ეს ადამიანები, რომლებიც ყოველდღე ბავშვების სიცოცხლით
ვაჭრობენ, საღამოს სახლში მიდიან და საკუთარ შვილებს თვალებში უყურებენ, უყვებიან ზღაპრებს
და უქმნიან ილუზიებს, როგორი ბედნიერები არიან ისინი, სხვა ბავშვების სიცოცხლის ხარჯზე.
ოჯახის წევრი, რომელსაც არასდროს ვინატრებ.
ეს არის, ჩემი ქვეყანა, რომელსაც პრეტენზია ევროპელობაზე
აქვს. მე კი მირჩევნია, ჩემი ქვეყანა, ერთი პატარა პროვინცია იყოს, სადაც ჩვენ ხალხი,
ადამიანები ვიქნებით და არა საცდელი, საექსპერიმენტო ნივთები.
P.S. საბაჟომ
ოჯახს მაინც დააკისრა, მომსახურების გადასახადი 300 ლარის ოდენობით, რომელიც ჯერ არ
გადაუხდიათ. თუმცა, გაურკვეველია, რა მომსახურეობა გაუწიეს: რომ დაელაპარაკნენ? ტყუილად რომ არბენინეს, თუ ერთი კვირა წამალი ვირთხებიან
საწყობში რომ იყო? ამავე დროს, გაურკვეველი რჩება, რა იქნება ამის შემდეგ. დაფინანსდება
კი კიდევ წამალი, როგორ შეძლებს ოჯახი მის შეძენას, ან რა გზით და როგორ გადმოვა ის
საქართველოს საზღვარზე?