ჩრდილოეთ ოსეთში ათი დღის განმავლობაში, ჰუმანიტარულ-საგანმანათლებლო
პროექტი „ალანების ნაკვალევზე“ («Аланский след») მიმდინარეობდა. პროექტი
ეთნიკური ბანაკის ფორმატით იყო ორგანიზებული და მონაწილეობას
სხვადასხვა ქვეყნებში მცხოვრები ოსი ახალგაზრდები იღებდნენ.
საერთაშორისო პროექტი „ალანების ნაკვალევზე“ («Аланский след») 2015 წელს ჩამოყალიბდა.
წელს პროექტს პირველად თურქეთში, ყაზახეთში, ტაჯიკეთში, საფრანგეთში მცხოვრებთ, საქართველოში
მცხოვრები ოსი ახალგაზრდებიც შეუერთდნენ. სულ პროექტს ათი ქვეყნიდან 36 წარმომადგენელი
ყავდა. პროექტის ორგანიზატორი სამი წელია ჩრდილოეთ ოსეთის ნაციონალურ საქმეთა სამინისტრო
და ჩრდილოეთ ოსეთის ახალგაზრდული კავშირია.
როგორც ორგანიზატორები ამბობენ, პროექტის მიზანია, სხვა ქვეყნებში მცხოვრები
ეთნიკურად ოსი ახალგაზრდებისთვის ოსური ტრადიციებისა და კულტურის გაცნობა. ასევე, ინფორმაციის
გაზიარება ერთმანეთისთვის, როგორ ცხოვრობენ ისინი სხვა ქვეყნებში და აქვთ თუ არა შემორჩენილი
ოსი ხალხის ტრადიციები და კულტურა.
საქართველოში
მცხოვრები, პროექტის ერთ-ერთი მონაწილის ზარინა გიგოლაევას თქმით, მონაწილეებმა ჩრდილოეთ
ოსეთში მოინახულეს მონასტრები, მუზეუმები, ჩრდილოეთ ოსეთის ღირსშესანიშნაობები, გაეცნენ
ოსურ კულტურას და ტრადიციებს. ასევე, ჩაუტარდათ ოსური ცეკვისა და ოსური ტრადიციული
სამზარეულოს მასტერკლასი.
„ვლადიკავკაზსში
საერთოდ, პირველად ვიყავი და მინდა გითხრათ, რომ ემოციებით სავსე დავბრუნდი. პროექტი,
გარდა იმისა, რომ ძალიან კარგად იყო ორგანიზებული, სასიამოვნოდ დატვირთული პროგრამაც
გვქონდა. ბევრი სიახლე და აღმოჩენა იყო. მაგალითად, მე არ ვიცოდი, რომ ჩრდილოეთ ოსეთში
ისეთივე კოშკებია, როგორც სვანეთში, ასევე, აქვთ ისტორიული ადგილი - „მიცვალებულების
ქალაქი“ და ბევრი სხვა რამ.
იცით, ჩვენ
პატარა ერი ვართ და, ხშირად ფიქრობენ რომ, არც ისე დიდი კულტურა გვაქვს. მაგრამ, სწორედ
ამ პროექტმა მომცა საშუალება გავცნობოდი ოსი ხალხის იმ დიდ კულტურას და ტრადიციებს,
რომელიც მე აქამდე მხოლოდ წიგნებში მქონდა წაკითხული და გადმოცემით ვიცოდი. რაც სამწუხაროდ,
ჩვენ სხვა ქვეყნებში მცხოვრებმა ოსებმა ვერ შევინარჩუნეთ ისე, როგორც ჩრდილოეთ ოსეთშია
შენახული და მოვლილი“, - ამბობს კავკასიოლოგი ზარინა გიგოლაევა.
პროექტი „ალანების ნაკვალევზე“ («Аланский след») შვიდი დღის განმავლობაში
ჩრდილოეთ ოსეთში, ხოლო სამი დღე სამხრეთ ოსეთში მიმდინარეობდა. „ჩვენ, პროექტის ქართველი
მონაწილეები, სამწუხაროდ ვერ წავედით სამხრეთ ოსეთში. ორგანიზატორებმა თავი შეიკავეს
ჩვენივე უსაფრთხოების მიზნით, რომ საქართველოში დაბრუნების შემდეგ, პრობლემები არ შეგვქმნოდა.
რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა, სამხრეთ ოსეთის გაცნობაც, მაგრამ იმედი მაქვს, მომავალში
გვექნება ცხინვალში ჩასვლის საშუალება. დიდი მადლობა პროექტის ორგანიზატორებს. კარგი
იქნება თუ პროექტი გაგრძელდება და მასში მონაწილეობის საშუალება, კიდევ უფრო ბევრ ადამიანს
მიეცემა“, - ამბობს ზარინა გიგოლაევა.