понедельник, 10 сентября 2018 г.

წერილი ჯანდაცვის მინისტრს, დავით სერგეენკოს








ბატონო მინისტრო, ვიცი, თუ ოდესმე ამ წერილს წაიკითხავთ, აუცილებლად იფიქრებთ რომ, საშინელებათა ჟანრის წიგნიდან ამოღებულ გვერდებს კითხულობთ. მაგრამ, არა. სამწუხაროდ, ეს ჩვენი რეალობაა, რომლის დანახვაც, თქვენ არ გინდათ. რადგან, თქვენ და თქვენს ოჯახს, იმ სამედიცინო მომსახურებით სარგებლობა არ გიწევთ, რომელსაც ხალხს სთავაზობთ. თუმცა, ახალს არაფერს ვწერ, რაც თქვენ არ იცით. იცით, უბრალოდ, არ გამოგიცდიათ. მინისტრის სავარძლიდან რთულია, ამ პრობლემების დანახვა. და თუ, ამ წერილსაც წაიკითხავთ, არა როგორც მინისტრი, არამედ ერთი ჩვეულებრივი მოქალაქე, თუ ოდესმე, ერთხელ მაინც შეივლით, ჩვენს სამედიცინო დაწესებულებებში, მარტივად მიხვდებით რაზე ვწერ.

რთულია ყველაფერი ერთ წერილში თქვა და სიტყვებით გადმოსცე. უფრო მძიმეა, კიდევ ერთხელ გავიხსენო, რომ თქვენი ჯანდაცვის სისტემის და რეფორმების დახმარებით, ადამიანები საექსპერიმენტო ნივთები, ერთეულებისთვის ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების წყარო ვართ. სამწუხაროდ თქვენ, დაგავიწყდათ რომ, ექიმი ხართ და ბევრი რამის უფლება არ გაქვთ, ჯანდაცვის მინისტრი ხართ და არა ბიზნესმენი ან ეკონომიკის მინისტრი.

არ ვიცი გიფიქრიათ თუ არა, მაგრამ, სიმართლე რომ ვთქვათ, ჩვენი ჯანდაცვის მთავარი პრობლემა, ყველა კუთხე კუნჭულში გახსნილი დიაგნოსტიკური ცენტრები და საავადმყოფოებია. გაურკვეველი წარმომავლობის, სურსათის მაღაზიებივით, რესტორნებივით და სასტუმროებივით მომრავლებული კლინიკები, რომლებსაც ჯანდაცვის სამინისტრო საყოველთაო დაზღვევით აფინანსებს. მათ, არავინ არ აკონტროლებს და ისინიც, არავის არ აბარებენ ანგარიშს. შესაბამისად, არავის არ აინტერესებს, ამ კლინიკების არც მსხვრეპლი და არც გადარჩენილი. არაფერს ვამბობ მედპერსონალზე. ორ მილიონიან ქვეყანაში, ნახევარი მილიონი სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი რომ არის და მათი გაუნათლებლობა, პაციენტების მიმართ მომხმარებლური დამოკიდებულება, ბევრ კარგ ექიმს ჩრდილს რომ აყენებს. ადამიანებმა კი, არ ვიცით რისი გვეშინოდეს, დაავადების თუ ექიმის?

ხანდახან მეცინება და თან მრცხვენია, 15 წუთიანი კატარაქტის ოპერაციის გამო რომ ვიჩხუბე. თუმცა, ამ ფაქტით ყველაზე კარგად ჩანს, ჩვენი ჯანდაცვის სისტემის კატასტროფა, რადგან ჩვენს კლინიკებში მენეჯმენტი, საერთოდ არ არსებობს.

ექიმს არ სცალია, გარბის, ცალი ყურით გისმენს, ასისტენტის ხელში ხარ, რომელსაც გარდა იმისა, რომ ისევე ერთი სული აქვს მოგიშოროს, როგორც ექიმს, წარმოდგენა არ აქვს, რას ამბობს და რა ინფორმაციას გაწვდის. ისიც კი არ იცის, რომ ათას ექვსასი ლარი, თვალის ბროლის ღირებულება კი არ არის, არამედ მთლიანად ოპერაციის. პაციენტის მდგომარეობას არავინ ითვალისწინებს. ამიტომ, ოპერაციისთვის ორთვიანი ლოდინის შემდეგ, ოპერაციის წინა დღეს, შემთხვევით შემხვედრ ექიმს კიდევ ერთხელ რომ შეახსენებ, დედას დიაბეტი, ნევროზი აქვს და ძალიან ემოციურია, ამბობს: „ამ შემთხვევაში უმჯობესია, ოპერაცია ნარკოზით გავაკეთოთ“. დაფინანსება ადგილობრივ ანესთეზიაზეა მოსული. ნარკოზს და ადგილობრივ ანესთეზიას თურმე, სხვადასხვა კოდი აქვს. ამიტომ, ან ოპერაციის გაკეთება, კიდევ ორი თვით უნდა გადავდო, რადგან ანგარიშფაქტურა თავიდან უნდა დაიწეროს და ჯანდაცვის სამინისტროში გაიგზავნოს, ან ნახევარი სიცოცხლე, კლინიკაში დავტოვო.

ბატონო მინისტრო, გინახავთ სადმე, ექიმს ოთახი არ ქონდეს? ექიმმა, რამდენიმე პაციენტს კონსულტაცია ერთდროულად გაუწიოს? ვისაც უნდა, როცა უნდა შემოვიდეს და კონსულტაცია შეწყვიტოს? ოპერაციისთვის, რამდენიმე პაციენტის ერთდროულად მომზადება? ჩვენს კლინიკებში, მუშაობის ეს პრინციპია დანერგილი და საერთოდ არავინ არ ფიქრობს, რომ ზემოთ დასმული კითხვების, ერთადერთი პასუხი, პაციენტის უფლებების უხეში დარღვევაა.

არც ის არავის აწუხებს, რატომ წერს კლინიკა ორ ანგარიშფაქტურას განსხვავებული ხარჯთაღრიცხვით: ჯანდაცვის სამინისტროსთვის და საჭიროებისამებრ წარსადგენად. თუ ჯანდაცვის სამინისტროდან საგარანტიო ფურცელს არ მიიტან, საჭიროებისამებრ წარსადგენად დაწერილ ანგარიშფაქტურას, არსად არ იღებენ. შესაბამისად, პაციენტს უფლება აღარ არ აქვს, დამატებითი თანხები მოიძიოს. ამასთან, ქვეყანაში, სადაც 80 პროცენტი მოსახლეობის სიღარიბის ზღვარზეა და უმუშევარია, ექიმთან კონსულტაცია 100 ლარი ღირს. ამ თანხიდან კი, ექიმის ალბათ, მხოლოდ 20-30 ლარია. ვერ გამიგია, ჩვენ, ხალხი რატომ ვართ ვალდებულნი შევინახოთ და ვარჩინოთ, ჩვენთვის არაფრის მომცემი კლინიკები და მათი მფლობელები.

კითხვები ბევრია. სათქმელი და დაუწერელიც ბევრი მრჩება. არც ვიცი, როგორ გადმოვცე დედის მდგომარეობა, რომლის შვილსაც წამალი სჭირდება და ქვეყანაში არ არსებობს, რადგან ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის, სხვისი შვილების სიცოცხლე პრიორიტეტული არ არის; ათასჯერ მაქვს უკვე დაწერილი, რეგიონებში დადგმული არაფრის მომცემი ამბულატორიების შესახებ, რადგან ადგილობრივი მედპერსონალი არ არის; სასწრაფო დახმარების გაურკვეველი ვალდებულებების, კლინიკებთან დადებული ხელშეკრულებების; ქვეყნიდან გაქცეული ექიმების და პაციენტების; სხვა ქვეყანაში გადარიცხული მილიონობით თანხები ჩვენი მოქალაქეების სამკურნალოდ, როცა მთელს მსოფლიოში, ქართველი ექიმების უმრავლესობა საუკეთესოები არიან; სოციალური დახმარება, რომელსაც ის ოჯახები ვერ იღებენ, რომლებსაც ნამდვილად სჭირდებათ.

არც ვიცი, ღირდა კი, ამდენი წერა, როცა ჯანდაცვის სამინისტროს შენობა, სადაც ყოველდღიურად ასობით ადამიანი მოდის, რომელთა უმრავლესობა ხანში შესული და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები არიან, ადაპტირებული არ არის.

ვიცი, რომ თქვენც და ბევრი გამკიცხავს ამ წერილისთვის. ამიტომ, მაგონებს ჩვენი ჯანდაცვის სისტემა ტბას, რომლის ზედაპირზეც სატყუარასავით ერთი თევზი ტივტივებს. ადამიანებს კი ვერ წარმოუდგენიათ რომ, ტბა შესაძლებელია თევზით სავსე სულაც არ იყოს. მაგრამ დილიდან საღამომდე, ტბის პირას თევზის მოლოდინში ანკეს გადაგდებულმა მეთევზემ, იცის რომ სახლში დაბრუნდება. ჩვენს კლინიკებში შესულმა ადამიანმა, ნამდვილად არ იცის სად, როგორ და როდის აღმოჩნდება.

იცით, რაც დრო გადის, უფრო მეტად ვრწმუნდები რომ, ყველა ექიმს თავისი სასაფლაო აქვს. აუცილებლად დადგება დრო, როცა თქვენ პირადად მოგიწევთ, ამ სასაფლაოების დათვლა. დარწმუნებული ვარ, ძალიან ინანებთ რომ, ამ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრი იყავით, რადგან არცერთი მინისტრის დროს, არ დაფიქსირებულა ექიმების იმდენი გულგრილობა და დანაშაული, რამდენიც თქვენ დროს.  


მადლობა, თუ დამითმობთ დროს...

პატივისცემით, მზევინარ ხუციშვილი







понедельник, 23 июля 2018 г.

ახალი სატყეო ტექნოლოგიები, ტყის მდგრადი მართვისთვის








საქართველოში ტყის რესურსების არამდგრადი მართვა, ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. იმის გამო, რომ ტყესთან დაკავშირებული მონაცემების სრულყოფილი ბაზა არ არსებობს, ზუსტი და სანდო ინფორმაციის მოპოვება პრაქტიკულად შეუძლებელია. აქედან გამომდინარე, იქმნება ხელსაყრელი გარემო ხე-ტყის უკანონო მოპოვებისთვის, ტყის რესურსების ჭარბი გამოყენებისა და ბუნებრივი კატასტროფების განვითარებისათვის.

ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სოციალურ, ეკონომიკურ და გარემოსდაცვით ამოცანას, სწორედ, ბუნებრივი კატასტროფების უარყოფითი შედეგების თავიდან აცილება და შერბილება წარმოადგენს. ბევრია ისეთი დასახლება, რომლებიც  ბუნებრივი საფრთხეების ზონებში მდებარეობენ, როგორიცაა მეწყერი, წყალდიდობა, მდინარეების ეროზირებული ნაპირები და სხვა. ხშირად ადგილობრივი მოსახლეობა, რომლებიც ტყე-კაფების ძირში ცხოვრობს, მნიშვნელოვნად ზარალდება ტყის ჭრის შედეგად გამოწვეული ეროზიული პროცესებით.

ამ პრობლემის გადასაჭრელად, Global Forest Watch-ის პროექტების ფარგლებში, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN) ახორციელებს პროექტსახალი სატყეო ტექნოლოგიები ტყის მდგრადი მართვისთვის“, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში მიმდინარე სატყეო რეფორმის მხარდაჭერას საინფორმაციო და საკომუნიკაციო ინსტრუმენტების ახალი ტექნოლოგიების დანერგვით. პროექტს (Global Forest Watch Georgia) ერთობლივი ძალებით ახორციელებს მსოფლიო რესურსების ინსტიტუტი და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, გლობალური გარემოსდაცვითი ფონდისა (GEF) და გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) ფინანსური მხარდაჭერით.

პროექტის ფარგლებში ჩატარდა შემდეგი ძირითადი სამუშაოები: ტყის მოწყვლადობის შეფასება და რუკების შედგენა; რეგისტრაციის პროცესში ტყის ფონდიდან ამოღებული ტერიტორიების შეფასება.

გეოგრაფიული საინფორმაციო სისტემების სპეციალისტი (GIS) და ორგანიზაცია CENN-ის პროექტების ასისტენტი ვახო ჩიტიშვილი ამბობს რომ, „საქართველოს მასშტაბით, ორგანიზაცია CENN-ის  მიერ, იდენტიფიცირებულია თორმეტი ტერიტორია, სადაც ტყის მასივი იკარგება. კარგვის მიზეზი კი, შეიძლება იყოს ჭრა, ჩამოშლა, ეროზიული პროცესები, ხანძარი. თორმეტი ადგილიდან, ერთ-ერთ საკვლევ არეად, მწვანე ტბის მიმდებარე ტერიტორია იქცა, სადაც უნიკალური ტყის მასივია და, რომელიც სუბალპურ სარტყელზე 2050 მეტრზე მდებარეობს. სწორედ, Global Forest Watch-ის სატელიტური სურათების მიხედვით, ამ ტერიტორიაზე, ტყის კარგვაა შემჩნეული. ჩვენ ეს ტერიტორია შევისწავლეთ და აღმოჩნდა, რომ 90-იან წლებში, უამრავი ხე მოიჭრა. ამიტომ, ჩვენ დავაყენეთ საკითხი, ამ ტერიტორიაზე შექმნილიყო სპეციალური პირობები, რომ არ მოხდეს ტყის დეგრადირება, ტყის სიხშირის კლება და მისი უნიკალურობა შენარჩუნდეს“.

მწვანე ტბა აჭარის რეგიონს მიეკუთვნება. კერძოდ, ხულოს მუნიციპალიტეტს და მოიცავს ტერიტორიას, გოდერძის უხელტეხილი - მწვანე ტბის მიდამოებს.

მუნიციპალიტეტის ტერიტორია მთაგორიანიარაიონის ტერიტორია, რელიეფი საშუალოდ 400-3000 მეტრის ფარგლებში მერყეობს. ტერიტორიის მთავარი ქედებია არსიანისა (მწვერვალი ყანლის მთა - 3007 მეტრიდა მესხეთის (მწვერვალი ზოტიმერია - 2646 მეტრი) ქედები და მათი განშტოებები. საშუალო წლიური ტემპერატურაა 10,1C°, ნალექების საშუალო წლიური რაოდენობა – 1000–1200 მმ.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოედინება მდინარეები: აჭარისწყალი, სხალთა, ღორჯომი, დიაკონიძეები. რაიონის ერთ-ერთ ყველაზე ღირსშესანიშნავ ადგილს წარმოადგენს მწვანე ტბა, რომელიც ცნობილია თავისი ალპური, წიფლის ტყით.
მუნიციპალიტეტის ტერიტორია წარმოდგენილია, მთატყისა და მთა მდელოს ნიადაგებით. ძირითადად გავრცელებულია ფოთლოვანი და წიწვოვანი მცენარეები. ფლორის სახეობათა წარმომადგენლებიდან გავრცელებულია სამეფო გვიმრა, უთხოვარი, ქართული ნეკერჩხალი, არმაზის ნარჩიტა, წაბლი, მუხა, კოლხური ყოჩივარდა, ფურისულა, ვერხვი, თელა და სხვა. მუნიციპალიტეტი მდიდარია ხილით და სამკურნალო მცენარეებით. ფაუნას სახეობათგან წარმოდგენილია კავკასიური ირემი, კავკასიური მურა დათვი, ბეგობის არწივი, დურაჯი, კავკასიური შურთხი, მცირე აზიური ტრიტონი და კავკასიური სალამანდრა.

უნდა ავღნიშნოთ ის, რომ მწვანე ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ამჟამად, კონტროლი გამკაცრებულია. წარმატებულად ხორციელდება ტყის დაცვის სხვადასხვა მექანიზმები. ჩვენს მიერ გამოკვლეული თორმეტი ტერიტორიიდან, ამ ადგილს ყველაზე დიდი პოტენციალი აქვს. სამწუხაროდ, სხვა ადგილებს უფრო მეტი ყურადღება სჭირდება, რადგან ძალიან ბევრი ტყე-კაფია გამოყოფილი, რაც ეროზიულ პროცესებს იწვევს. თუმცა, დაწერილია მოხსენებები შესაბამისი ორგანოებისთვის და რეფორმები უნდა გაატარონ“, - ამბობს ვახო ჩიტიშვილი.

ხულოში, ორგანიზაცია CENN-ის მიერ ორგანიზებული მედიატურის ფარგლებში, ჟურნალისტები, ხულოს სატყეო ადმინისტრაციის მთავარ მეტყევეს ნოდარ შანთაძეს შევხვდით. ნოდარ შანთაძე ამბობს, რომ: „ხეების მოჭრა ძირითადად 90-იან წლებში მოხდა. დღეს ჩვენი ტყე დაცულია. გარდა ამისა, ხდება ტყის ბუნებრივი განახლება. მწვანე ტბა თავისი სილამაზით იზიდავს ტურისტებს. ამჟამად, დაწყებულია შემოსასვლელი გზის რეაბილიტაცია, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს, ტურისტების რაოდენობის ზრდას“.