ყოველდღე საკუთარი
თავი უნდა გამოიგონო. წარმოიდგინო საგნები, ფაქტები, პროფესიები, ადამიანთა განცდები
და ხასიათები. მერე ადგე და საკუთარი თავი, სხვის მშრალ, ემოციურ და არალეარიზებულ
ილუზიებს მოარგო. არა? კი, ასეა. სხვანაირად ვერ იქნება, როცა დილით 7 საათზე ადგები,
მოემზადები რომ გარეთ გახვიდე. ფანჯარას გააღებ და ქალაქში, გახრწნილი ლეშის სუნი დგას.
პირველი აზრი, რაც თავში მოგდის - საშინელებაა. ვერ გახვალ, რადგან სუნთქვა გიჭირს.
ვეღარ აცნობიერებ, რომელი უფრო მავნებელია - გახრწნილი ლეშის სუნი თუ, დილით ვარჯიშის
გარეშე დარჩენა. დიდი არჩევანი არ გაქვს და გადაწყვეტილებას მაშინვე იღებ, - ჯობია,
ფანჯარა დაკეტო და თბილ ლოგინს დაუბრუნდე, რადგან ჯერ, ყავისთვისაც, ძალიან ადრეა.
პარალელურად ფიქრები
ჩნდება. იხსენებ, პარლამენტის
ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის სიტყვებს: - ძვირადღირებული თამბაქო, ადამიანების ჯანსაღი ცხოვრების
წესია. ჩვენი პრიორიტეტი კი, ადამიანების ჯანმრთელობაა. ღიმილიც კი, უხერხულია. თუმცა,
ერთადერთი გამოსავალი. ბატონი აკაკი, რუსთავში ალბათ, არასდროს ყოფილა და მისთვის,
ეს ქალაქი წმინდათა წმინდაა.
საწოლში დაბრუნებული,
ინსტიქტურად ტელეფონს ვიღებ. სოციალური ქსელები, დროის გასაყვანად, ერთადერთი გამოსავალია.
მე და ტელევიზორი, ისე როგორც, მე და ქართული მედია, წლებია უკვე, ვეღარ ვმეგობრობთ.
პირველი ინფორმაცია, რაც მხვდება, მუცოს პროექტის რეაბილიტაციის ჯილდო, აჟიტირებული
ქართველების პოსტები და მილოცვებია. დიდხანს ვიფიქრე და მაინც ვერ ვხდები, რა უნდა
მიხაროდეს და, რა უნდა მივულოცო ჩემს ქვეყანას? ერმა რომ, არ იცის, რამხელა კულტურის
და საგანძურის მფლობელია, მისი ქვეყანა? თუ, ევროპა არ აღიარებს, ჩემი ქვეყნის კულტურას,
არანაირი ფასი არ აქვს? ქვეყნის კულტურის და საგანძურის მოვლა-პატრონობა, რომ
თითოეული ქართველის მოვალეობაა? ქალბატონებო და ბატონობენო, მუცო თვითონ არის ჯილდო
მთელი მსოფლიოსთვის და მას, არანაირი აღიარება და ჯილდო არ სჭირდება.
შემდეგი ინფორმაცია,
აკა სინჯიკაშვილის პოსტია. ერთ კვირაში ნანახი 74 ადამიანი, რომლებიც ავად არიან და,
არც ექიმთან წასვლის და, არც წამლის ყიდვის შესაძლებლობა, არ აქვთ. მათ შორის, ძირითადად
ბავშვები არიან, რომლებსაც ან მშობლები არ ჰყავთ, ან მარტოხელა, მრავალშვილიანი დედები
ზრდიან. ზოგი მოხუცია და, ექიმთან წამყვანიც არავინ, არ ჰყავს.
ჩვენს ქვეყანაში,
ჯანდაცვის სამინისტრო ყოველთვის, ფორმალურად და მოვალეობის მოხდის გამო, არსებობდა.
დავით სერგეენკოს, მინისტრის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ, საერთოდ დამავიწყდა, არსებობს
თუ არა? და თუ არსებობს, ვისთვის ან რისთვის?
მერე, გიორგი კიკონიშვილის
პოსტი გამოჩნდა. ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“, შემოქმედებით ჯგუფს, რომელიც
ქართულ-შვედური პროექტია, კულტურის სამინისტრომ დახმარებაზე უარი უთხრა. მიკვირს? არა!
ეს ხომ, ის კულტურის სამინისტროა, რომელსაც ბიუჯეტში თანხა მხოლოდ, საკუთარი სიამოვნებისთვის
აქვს. ეს ის, სამინისტროა, რომელმაც საყდრისის ოქროს უძველესი საბადო ააფეთქა და სძულს,
ყველა შემოქმედი ადამიანი, რომელთა იდეა, მხოლოდ ბიუროკრატიულ ქაღალდებზე არ რჩება.
და მენანება, 10 დაკარგული წელი, რომელიც უკულტურო ხალხის, კულტურას შევწირე.
აღარ ჩავყევი და
ტელეფონი გამოვრთე. საკმარისია რომ, მთელი დღის ენერგია და განწყობა დაკარგო. მაგრამ,
ტვინი და ფიქრები, ვერ გამოვრთე. თუ, ომმა და ომისგან განადგურებულმა ხალხმა, ჩემი
ფსიქიკა რკინად აქცია, ყოველდღიურად უსამართლობასთან და გაუნათლებლობასთან ბრძოლა,
ამ რკინის ფსიქიკასაც ანგრევს. იმიტომ, რომ ეს ქვეყანა, საზოგადოებრივი აქტივობის აბსოლუტურად
ყველა სფეროში, მხოლოდ აგრესიით იკვებება. ყველაზე საშიში კი, საჯარო სამსახურებში
მომუშავე, პასუხისმგებელი პირების, გულგრილობა და ძალადობაა.
ერთ ფერმერზე, იგავიც
გამახსენდა, რომელმაც ბეღელში საათი დაკარგა. საათი ძვირადღირებული არ იყო. მაგრამ,
ფერმერისთვის ის, საყვარელი ადამიანისგან ნაჩუქარ, ძვირფას ნივთს წარმოადგენდა. დიდი
ხნის ძებნის შემდეგ, ძალაგამოლეულმა ფერმერმა, შორიახლოს მოთამაშე ბიჭები დაინახა და,
დახმარება სთხოვა. ბიჭებმა, მთელი ბეღელი გადაქექეს. მაგრამ, საათი ვერსად ვერ იპოვეს.
და როცა ფერმერს, ყველა იმედი გადაეწურა, მასთან ერთი ბიჭი მივიდა და სთხოვა, მისთვის,
კიდევ ერთი შანსი მიეცა. ფერმერმა შეხედა და გაიფიქრა: რატომაც არა და ბიჭი ბეღელში
გაუშვა. მცირე დროის შემდეგ, ბიჭი გამოვიდა და საათი ფერმერს მიუტანა. გახარებულმა
ფერმერმა ცნობისმოყვარეობით ჰკითხა: როგორ შესძლო მან, ერთმა საათის პოვნა, როცა ამდენმა
ადამიანმა ვერ იპოვა? ბიჭმა უპასუხა: არაფერი, არ გამიკეთებია. მე უბრალოდ, ვიჯექი
იატაკზე და ვუსმენდი. სიჩუმეში, საათის წიკწიკი გავიგონე. მისი ხმის მიმართულებით წავედი
და ვიპოვე.
ხანდახან მშვიდი
გონება უკეთესად აზროვნებს, ვიდრე აღელვებული. იქნებ, უმჯობესია ჩვენს გონებას, ყოველდღიურად
მივცეთ, სიმშვიდის რამდენიმე წუთი, რომ ცხოვრების მოულოდნელ და რთულ გზაზე დაგვეხმაროს.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა კი, მშვიდი გონებით მოუსმინონ ხალხს და არა, დოლარებისთვის
დაწერილი კანონებით.