„არსებობს ასეთი ფოტო: თავჩაქინდრული მსუქანი კაცი რუსთაველის თეატრისკენ მიდის. ეს მე ვარ. ცნობილი შოტლანდიელი ფოტოხელოვანი კენ რეინოლდსი ჩამისაფრდა და გადამიღო. ყოველ დილით სწორედ ასეთი სევდიანი მივდივარ რეპეტიციაზე. მაგრამ ამჯერად დრო და მნიშვნელობა შეიცვალა. ჩვენ 5 საათზე მივედით რუსთაველის თეატრის სამეჯლისო დარბაზში და არა რეპეტიციისთვის, არამედ ჩემი ალბომის „რობერტ სტურუას“ პრეზენტაციაზე. ორი წელი მიმდინარეობდა ალბომზე მუშაობა. როგორც მითხრეს, იგი რუსთაველის თეატრმა ქართველ და არა მხოლოდ ქართველ, თეატრის მოყვარულთ მოუმზადა და ჩემი დაბადების 70 წლისთავს მიეძღვნა.
ალბომის შექმნის იდეა რუსთაველის თეატრის საგანმანათლებლო განყოფილების გაგმეს – აკაკი
კუჭუხიძეს ეკუთვნის. ავტორი და შემდგენელი – ცნობილი ქართველი თეატრმცოდნე კოტე ნინიკაშვილი
გახლავთ. წიგნზე მუშაობდნენ: თეატრის სალიტერატურო ნაწილის გამგე – ლილი ფოფხაძე, რედაქტორები:
მანანა თევზაძე და ნინო კანტიძე, თეატრის მუზეუმის თანამშრომლები – ბელა ჭუმბურიძე,
მეგი ლევანიძე და მაკო მერაბიშვილი. ლიტერატურული მასალა ინგლისურ ენაზე თამარ ჯაფარიძემ
თარგმნა, ხოლო რუსულ ენაზე – გინა ჭელიძემ. ალბომის კომპიუტერული ვერსია სარეკლამო
ფირმა „ფავორიტმა“ მოამზადა. პროექტს ხელმძღვანელობდა რუსთაველის თეატრის მმართველი
ზაალ ჩიქობავა. ალბომის გამოცემა საქველმოქმედო ფონდმა „ქართუმ“ უზრუნველყო. მოკლედ,
დიდი მადლობა ყველას. ამ ალბომს თითოეულ მათგანს საჩუქრად მე თავად გადავცემ.
ალბომი სამ: ქართულ,
რუსულ და ინგლისურ ენებზეა შექმნილი და ორტომიანი წიგნია, რომელშიც ჩვეული იუმორით
ვყვები ჩემს წინაპრებზე, ცხოვრებისეულ მნიშვნელოვან ეტაპებზე, შემოქმედებით ძიებებსა
და აღმოჩენებზე. მასში აგრეთვე თავმოყრილია ჩემი შემოქმედების ამსახველი საგაზეთო და
საჟურნალო სრული ინფორმაცია, ჩემ მიერ თბილისში, რუსეთსა თუ საზღვარგარეთ დადგმული
სპექტაკლების მდიდარი ფოტომასალა, რომლებზეც უამრავი რამ დაწერილა და თქმულა. აგრეთვე
მასში შეტანილია ჩემი შემოქმედების შესახებ ცნობილი ქართველი თუ უცხოელი თეატრალური
მოღვაწეების შეფასებები და გამონათქვამები.“
ამონარიდები ალბომიდან:
„შენ დროს გაუსწარი. დროს, რომელიც სამყაროში ყველასათვის
ერთნაირად მიედინება. მხოლოდ იშვიათ რჩეულებს შეუძლიათ ასე. ძნელია, ცოცხალ ადამიანზე
თქვა, გენიოსიაო? – იყოს, მე კი ასე ვფიქრობ“, – ბიძინა კვერნაძე.
„მაყურებელი შესცქეროდა
სცენას, როგორც ფერმკრთალი მოწაფე დაფას, სადაც მრავალუცნობიანი განტოლებები ჩამწკრივებულა“,
– მანანა ახმეტელი.
„მისი სპექტაკლები
განსაკუთრებულ მღელვარებას იწვევდა, ისევე, როგორც ყოველი ახალი ეროვნული საოპერო ნაწარმოების
გამოტანა ფართო სამსჯავროზე. მღელვარებას ისიც ამძაფრებდა, რომ რობერტ სტურუამ, რომელიც ამ ოპერების ლიბრეტოს ავტორიც
არის და დამდგმელი რეჟისორიც, ახალი ესთეტიკა მოიტანა ჩვენს თეატრში. საოპერო ნაწარმოების
ახლებური ხედვა შემოგვთავაზა, რომელიც ვერ თავსდება რჩეულ ტრადიცულ საოპერო ჩარჩოებში“,
– მანანა კორძაია.
„ქართველმა რეჟისორმა
ყველაზე უკეთ მოახერხა, აენთო ხელოვნების სამყარო. თავისი დადგმა გაეხადა საზაფხულო
სეზონის უდიდეს მოვლენად. ერთობლივმა სპექტაკლმა დიდად შეუწყო ხელი ორ ქვეყანას შორის
მეგობრობის ხიდების გადებას. ჩვენი ხალხების დაახლოებას“, – რიზოოს პატისი.
რობერტ სტურუას ჩანახატები და მოგონებები ალბომიდან:
„ზოგჯერ ღამით მეღვიძება
და შეშინებული ვიხსენებ ჩემს ბოლო სპექტაკლებს, ვაითუ, გამომაძევეს იმ საოცარი სამყაროდან,
ვაითუ, განვიკურნე და ცხოვრებას აუღელვებლად გულგრილად ვუყურებ, მაგრამ ვინ იცის, იქნებ
სიგიჟემ ერთხელ კიდევ შემომიტიოს. დედაჩემი მახსენდება, ვმშვიდდები და არხეინად ვიძინებ“…
„ბედიდაიროსის თეატრში
ჩემ მიერ დადგმულმა „ელექტრამ“ დიდი მღელვარება გამოიწვია. მაყურებელი ორ ბანაკად გაიყო.
ერთნი აღტაცებით შეხვდნენ, მეორენი კატეგორიულად უარყოფდნენ. პიესის კონფლიქტი პოლიტიკის
სფეროში გადავიტანე. მათი აზრით, ამ ტრაგედიას, მასში გამოხატულ შურისძიების წყურვილს
პოლიტიკასთან საერთო არაფერი აქვს. მე ვფიქრობ, რომ ანტიკური ტრაგედია იმ დროინდელ
პოლიტიკურ ვითარებასაც ასახავდა და თანამედროვეობას ამითაც ეხმიანება“…
„ახლა, როცა უკვე
50-ის ვარ და ცხოვრების ნახევარი გავლილი მაქვს, მინდა მთლიანად შევიცვალო, როგორც
ადამიანი, პიროვნება, როგორც ხელოვანი. მინდა, მაგრამ შევძლებ კი? გახსოვთ, სკოლაში
ახალ რვეულს რომ ავიღებდით. ყველანი ძალიან სუფთად ვწერდით პირველ გვერდს, მეორესაც,
შემდეგ კი ისევ ისვრებოდა რვეული. ვიღებდი სუფთა რვეულს და ჩავუთქვამდი – დღეიდან კარგად
ვისწავლი… ამჯერადაც რაღაც მსგავსი გრძნობა მეუფლება. მინდა, თავიდან დავიწყო ყველაფერი“…
„მაყურებელი და
თეატრი… თეატრი და მაყურებელი… საშინელებაა, როცა პარტერში ზიხარ. სცენაზე უამრავი
ხალხი ირევა. ულამაზეს კოსტიუმებში გამოწყობილი მსახიობები ულამაზეს გარემოში ვნებებს
აფრქვევენ. ცრემლებს ღვრიან, შენ კი, საოცრად მშვიდი და, უფრო მეტიც, გულგრილი, ფიქრობ
– ღმერთო ჩემო, რას მერჩიან. დროზე მაინც დამთავრდებოდეს, მაგრამ უფრო მეტი საშინელებაა,
როცა დარბაზში 5-6 კაცი ზის. შესანიშნავ სპექტაკლს უყურებს და ტაშის დამკვრელი კი არავინაა“…
– ბატონო რობერტ, მოგეწონათ ალბომი?
– საფლავის ქვისთვის
ძალიან კარგია. სიგიჟეა ეს ყველაფერი. მე თვითონ რომ ვიღებდი მის შექმნაში მონაწილეობას,
განსაკუთრებული ემოცია არ მაქვს, მაგრამ კმაყოფილი ვარ. მეგონა შემრცხვებოდა, მაგრამ
გადავრჩი. ნორმალური, ტრადიციული ალბომია. რა თქმა უნდა, ეს – იუმორით. სხვაგვარად
– ეს ალბომები მართლა სასაფლაოს ფიცარს ჰგავს ხოლმე. თუ ამას იუმორით არ შევხედეთ,
ჩემი აზრით, ძალიან ცუდად ყოფილა ჩვენი საქმე. საერთოდ, პატარაობისას სტუმრად წასვლა
არ მიყვარდა. უფროსები საუბრობდნენ, მე კი ვიჯექი მარტო და არ ვიცოდი, რა მექნა. ამიტომ
საოჯახო ალბომს მომაჩეჩებდნენ ხოლმე ხელში. ეტყობა, მაშინ ეს მოდაში იყო. ეს ალბომიც
იმ მოსაწყენ ალბომს მაგონებს. მაგრამ სიმართლეს ვერ გავექცევი. თუმცა, რაღა არ ხდება
ამ ქვეყანაზე. იქნებ ვიღაცამ, თეატრის მოყვარულმა, თვალი გადაავლოს ერთი კაცის ცხოვრებას
და მიუტევოს შეცოდება…
– საქართველოში ახალს არაფერს გეგმავთ?
– გეგმა მაქვს.
ცოტა დამუშავება მჭირდება. ჯერ წინ საბერძნეთი და რუსეთია.
P.S. ძალიან ბევრი ავტოგრაფი მივეცი, მაგრამ არცერთი არ
ჰგავს ერთამენთს. მაგალითად, გია ყანჩელს დავუწერე: გიას! რობიკოსგან! ბიძინა კვერნაძეს
– ჩემო ბიძინა! მაინც შენ ხარ პირველი ქართველი! ჰმ! მეცინება. სიგიჟეა, რა!…
წყარო: http://7days.ge