მზევინარ ხუციშვილი
„საქართველოში მე მიყურებენ, როგორც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანს და არა როგორც მოცეკვავეს? იცით, ყველა ადამიანი შეზღუდული შესაძლებლობის მქონეა, რადგან ყველაფრის კეთება არავის არ შეუძლია.“ – ამბობს Candoco-ს მოცეკვავე დენი.
საქართველოში ინკლუზიურ განათლებაზე ბევრს ვსაუბრობთ. სამწუხაროდ, მხოლოდ ვსაუბრობთ. „პირადად მე არ ვმუშაობ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან, მაგრამ ყოველდღიურ ცხოვრებაში შეხება მათთან ყველას გვაქვს და ვხედავთ, რომ მათთვის არაფერი იცვლება. მახსოვს, სამეფო უბნის თეატრში შვედურ პიესას ვდგამდით. პიესის გმირი იყო გოგონა, რომელსაც არ შეეძლო დამოუკიდებლად გადაადგილება. ეს პიესა შევარჩიეთ სწორედ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით. აღმოჩნდა, რომ საქართველოში თეატრებში არ არის შექმნილი პირობები იმისთვის, რომ უნარშეზღუდული ადამიანებიც დაესწრონ სპექტაკლებს. არ არის, მაგალითად პანდუსები. ამიტომ ასეთი ადამიანებისთვის თეატრი მიუწვდომელია. ვცადეთ ფული გვეშოვა პანდუსის გასაკეთებლად, მაგრამ ვერ შევძელით. მე ისიც მესმის რომ ასეთი ცვლილებები ერთბაშად ვერ ხდება, მაგრამ უნდა შევეცადოთ მცირედი მაინც გავაკეთოთ, თანდათან მაინც“, – ამბობს დრამატურგი დათო გაბუნია და გვიამბობს ერთ ეპიზოდს თავისი ცხოვრებიდან.
„მე შვედეთში ვსწავლობდი, სადაც სკოლებში ინკლუზიური განათლება ჩვეულებრივი რამ არის. ჩემს კლასში სწავლობდა გოგონა, რომელიც სავარძელში იჯდა. მე არაფერი არ მომეთხოვებოდა გარდა იმისა, რომ ვყოფილიყავი მისი კლასელი. მაგრამ ვხვდებოდი, რა რთული იყო ეს ჩემთვის. დისკომფორტს მიქმნიდა, უჩვეულო იყო ჩემთვის. თუმცა არც პატარა ვიყავი - 21-22 წლისა - და თავს განათლებულ ადამიანადაც ვთვლიდი. საკმაოდ ძნელი აღმოჩნდა ჩემთვის ამ გოგონასადმი ზნეობრივად სწორი დამოკიდებულების ჩამოყალიბება - სიბრალულის გარეშე, როგორც თანასწორისადმი“, – ამბობს დათო გაბუნია.
პირველი ნაბიჯი სელესტ დანდეკერმა და ადამ ბენჯამენმა გადადგეს 1991 წელს. მათ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოცეკვავეებისთვის ქორეოგრაფიული კომპანია Candoco დააარსეს და დაამტკიცეს, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არის და არც უნდა ჩაითვალოს ნაკლად. დღესდღეობით, ბრიტანული ქორეოგრაფიული კომპანია Candoco არის თანამედროვე ცეკვის ლიდერი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოცეკვავეებისთვის.
საქართველოში ბრიტანელი ხელოვანების ჩამოსვლის ერთ-ერთი მიზანი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელება იყო. მარჯანიშვილის თეატრში გაიმართა ვორქშოფი პროფესიონალი და არაპროფესიონალი მოცეკვავეებისთვის, თეატრებისა და ქორეოგრაფიული კომპანიების წარმომადგენლებისთვის – მმართველებისთვის, პროდიუსერებისთვის, რეჟისორებისთვის, ყველასთვის, ვისაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პროფესიული განვითარებისთვის ხელშეწყობა და მათთან მუშაობა აინტერესებს. ვორქშოფში მონაწილეობისთვის მიწვეულნი იყვნენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებიც.
„მომწონს და მივესალმები ასეთ ინიციატივებს - გასტროლებსა და ვორქშოფებს. განსაკუთრებით მისასალმებელია ასეთი სპეციფიკური ვორქშოფი, რომელიც ცეკვაში შეზღუდული შესაძლებლოების მქონე პირების ინტეგრირებას ისახავს მიზნად. უნარშეზღუდული ადამიანების მონაწილეობით დადგმული სპექტაკლები რომ ნახოთ, მიხვდებით, რომ ისინი არაფრით განსხვავდებიან პროფესიული თეატრებისგან. ასეთი მიდგომა, ძალიან მომწონს. ისინი არ ითხოვენ შეღავათებს, თვლიან რომ საკუთარი სხეული და მოძრაობის უნარი ისე უნდა გამოიყენონ როგორც შეუძლიათ. თვლიან, რომ ყველანაირ სხეულს შეუძლია ცეკვით გადმსოცეს რაღაც ემოცია და მოგვითხროს ამბავი. მე დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ნებისმიერი სხეული ლამაზია.“ – ამბობს დათო გაბუნია.
Candoco-ს წარმომადგენლები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, დიდი ბრიტანეთის ელჩს დევიდ მორანს, ქართულ თეატრალურ საზოგადოებას შეხვდნენ და საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს ინკლუზიური ხელოვნების სფეროში.
ბრიტანეთის საბჭოსა და მარჯანიშვილის თეატრის მხარდაჭერით ქორეოგრაფიულმა კომპანიამ Candoco-მ მაყურებელს სამ ნაწილიანი ქორეოგრაფიული წარმოდგენა შესთავაზა. ქართველ მაყურებელს შესაძლებლობა ჰქონდა ენახა სპექტაკლი, რომელიც სამ პიესას აერთიანებდა: “ეტიუდები დო მაჟორში” – ახალი დუეტი, არაერთი პრიზის მფლობელი ქორეოგრაფის, ხავიერ დე ფრუტოსის, ნამუშევარი; „Set and Reset / Reset“ – ამერიკელი თანამედროვე ცეკვის პიონერის, ტრიშა ბრაუნის, ლეგენდარული დადგმა და „ნაკლული ქარიშხალი“ – ბრიტანელი ქორეოგრაფის, ვენდი ჰიუსტონის, ექსცენტრიული დრამა. გარდა ამისა, ნაჩვენები იყო ფილმი „გარედან შიგნით“.
უნდა ითქვას, რომ „Set and Reset / Reset“, რომელიც 1983 წელს დაიდგა, არ შექმნილა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოცეკვავეებისთვის. მოგვიანებით ტრიშა ბრაუნის ცეკვის კომპანიისა და Candoco-ს თანამშრომლობის შედეგად, მან ახალი სიცოცხლე შეიძინა.
P.S. რადგან ვორქშოფის მონაწილე მეც ვიყავი, ჩემს მოკრძალებულ აზრსაც გამოვთქვამ. ნანახმა დამარწმუნა, რომ მთავარია შინაგანი თავისუფლება, რომლის გასაღებიც საკუთარი გრძნობების და ემოციების თავისუფლად გამოხატვაშია. გაგვიგებენ თუ არა სხვები? ეს ზედმეტი კითხვაა. მთავარია მოქმედება, მთავარია მოძრაობა.