მზევინარ ხუციშვილი
29, 30, 31 ოქტომბერს მიხეილ თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრმა ამირან ამირანაშვილის მიერ დადგმული სპექტაკლი „ჰამლეტი“ წარმოადგინა. 28 ოქტომბერს კი პრესის წარმომადგენლებისთვის დახურული ჩვენება გაიმართა.
ამირან ამირანაშვილის „ჰამლეტი“ მიხეილ თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის 2010 წლის მიმდინარე პროექტია, რომლის მიზანი იყო ახალგაზრდა მსახიობებისთვის სამსახიობო ოსტატობის გაცნობა, გამოცდილების გაზიარება და მიხეილ თუმანიშვილის თეატრალური სკოლის მნიშვნელობის გაცნობა. პროექტის ამოცანა იყო მასტერ კლასებისა და „ვორკშოპების“ გზით მიღებული გამოცდილებისა და ცოდნის გამოყენება სპექტაკლის დადგმისას. პროექტში ავტორმა და დამდგმელმა რეჟისორმა ამირან ამირანაშვილმა 13 ახალგაზრდა მსახიობთან ერთად შვიდი თვის განმავლობაში იმუშავა.
მიხეილ თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრში განხორციელებული პროექტის ფარგლებში წარმოდგენილი სპექტაკლი „ჰამლეტი“ ამირან ამირანაშვილის პირველი რეჟისორული ნამუშევარია და მისი, როგორც რეჟისორის, მიზანი იყო, ახალგაზრდა მსახიობებისთვის გადაეცა სხვადსხვა თეატრებსა თუ რეჟისორებთან მუშაობისას დაგროვილი ცოდნა, გამოცდილება, როლზე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი. სპექტაკლი სამ მოქმედებიანია. თარგმანი ივანე მაჩაბელს ეკუთვნის. დეკორი, ბგერა, განათება და მიზანსცენა - ამირან ამირანაშვილის, კოსტიუმი ნინო თათარაშვილის. რეჟისორის ასისტენტია სოფო დანელია. სპექტაკლში გამოყენებულია კეზიმირ მალევიჩის მოტივები. სპექტაკლში მონაწილეობენ მსახიობები: კახა კინწურაშვილი, გიორგი ზანგური, თეკო ჩუბინიძე, ვასო ბახტაძე, ბექა ჯუმუტია, ანა ნიკოლაშვილი, ნიაზ ხუციანიძე, ნიკა წერედიანი, დევი რეხვიაშვილი, სოსო ხვედელიძე, ნოდარ ხუციშვილი, ლევან ფირცხალავა, გიორგი ფირცხალავა, ასევე მოხეტიალე მსახიობები: რეზი გიორგობიანი, მარიამ მაჭარაშვილი, ცოტნე მეტონიძე, მაკა ცინცაძე, ილია ჭეიშვილი. სპექტაკლი განხორციელდა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და თბილისის მერიის, „თიბისი“ ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მამუკა ხაზარაძესა და „IDS - ბორჯომი საქართველოს“ გენერალური დირექტორის ზაზა კიკვაძის მხარდაჭერით.
ამირან ამირანაშვილი 1955 წლის 19 მაისს დაიბადა. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი (სამსახიობო ჯგუფი კოტე სურმავას ხელმძღვანელობით). თეატრალური როლები: მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრი: „ესმერალდა“, „ახალგაზრდა გვარდიის სახელით“, „დონ ჟუანი“, „სისხლიანი ქორწილი“ და სხვა. რუსთაველის თეატრი: „გოდოს მოლოდინში“. მარჯანიშვილის თეატრი: „ძალად ექიმი“. მოღვაწეობდა საფრანგეთში, ქალაქ რენში, ბრეტანის ნაციონალურ თეატრში TNB, პარიზში სარა ბერნარის და შაიოს თეატრებში. კინოროლები: „მონანიება“, „მეშვიდე დღე“, „სიყვარული ყველას უნდა“, და სხვა.
სამწუხაროდ, მსახიობი და სპექტაკლის რეჟისორი ამირან ამირანაშვილი ჟურნალისტებს არ ხვდება. რამდენიმე კითხვით მიხეილ თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის მმართველს, ზურაბ გეწაძეს, მივმართეთ.
-თქვენი აზრით, რით არის განსხვავებული ამირან ამირანაშვილის „ჰამლეტი?“
-თავისთავად პროექტი განსხვავებულია იმით, რომ იგი ახალგაზრდა მსახიობების სამსახიობო ოსტატობის ამაღლებას ისახავს მიზნად. ამირან ამირანაშვილმა 13 ახალგაზრდა მსახიობი შეარჩია, რომლებთანაც სტუდიური მუშაობა ჩაატარა. რეპეტიციები სავარჯიშოებისა და ეტიუდების საშუალებებით მიმდინარეობდა, რადგან თეატრალური ინსტიტუტის კურსდამთავრებული სტუდენტები და მსახიობები ისე ვერ ფლობენ ხელობას, რომ დამოუკიდებლად შექმნან ამა თუ იმ პერსონაჟის სახე. ამიტომ თეატრებში გაჩნდა პრობლემა. ჩვენს თეატრში ეს განსაკუთრებით ხაზგასასმელია, რადგან თუმანიშვილმა სწორედ ამ მიზნით დააფუძნა ეს თეატრი.
-რატომ მაინცდამაინც „ჰამლეტი?“ საკმაოდ რთულია...
-რთულია, მაგრამ დასავლეთში პროფესიონალები თვლიან, რომ ყველა ახალგაზრდამ პრაქტიკა კლასიკაზე უნდა გაიაროს. ანუ უნდა გაცუროს. თუ ის გაცურავს, უკვე ნებისმიერ რთულ მასალაზე მუშაობას შეძლებს. კლასიკა კი ამის საუკეთესო მაგალითია. „ჰამლეტი“ ხომ დრამატურგიის გვირგვინია.
-თქვენი აზრით, მიზანი შესრულებულია?
-მიზანი, რისთვისაც ეს პროექტი დაიწყო რომ მსახიობების სამსახიობო დონე ამაღლებულიყო, შესრულებულია. ჩემი აზრით, ძალიან საინტერესო სპექტაკლია, მე პირადად ასეთი „ჰამლეტი“ არ მინახავს. ამ შემთხვევაში განსაკუთრებით ხაზგასასმელია სპექტაკლის მხატვრული გადაწყვეტა. არის სცენები, რომლებიც სხვა სპექტაკლში არ მინახავს. მაგალითად, ჰამლეტის და ოსრიკის სცენა, საკმაოდ მოცულობითია. მას რეჟისორები ძირითადად იღებენ, რომ სპექტაკლი დიდი არ გამოვიდეს. საერთოდ ბევრი განსხვავებაა.
სპექტაკლის ჩვენების დღეებმა, შეიძლება ითქვას, ანშლაგით ჩაიარა. სპექტაკლიც და პროექტიც პროფესიონალი და დამწყები მსახიობებისთვის ერთნაირად საინტერესო აღმოჩნდა. თუმცა, თეატრის წარმომადგენლები და, უბრალოდ, მოყვარულნიც თვლიან, რომ ამირან ამირანაშვილის „ჰამლეტის“ დადგმა, თუნდაც მხოლოდ იმიტომ ღირდა, რომ ჰამლეტის როლის შემსრულებელი, მუსკომედიის თეატრის ახალგაზრდა მსახიობი კახა კინწურაშვილი აღმოეჩინათ.
„ჰამლეტი“ - კახა კინწურაშვილი:
-სოხუმიდან ვარ. სოხუმი ბოლოს 27 სექტემბერს დავტოვეთ. მაშინ 8 წლის ვიყავი და სიზმარივით მახსოვს ყველაფერი. ასაკი თითქოს დამეხმარა, რომ ადვილად გადამეტანა, მაგრამ ისე, როგორც ყველამ, მეც მბევრი რამ დავკარგე - ბავშვობის მეგობრები, ნათესავები, ქალაქი და იმ ქალაქის ქუჩები, სადაც გავიზარდე. ჩემი სამსახიობო კარიერაც სოხუმიდან დაიწყო. სოხუმში ბავშვთა თეატრალური წრე „თეთრი ტალღა“ გაიხსნა. ხელმძღვანელი გიორგი რატიანი იყო. დედაჩემმა მიმიყვანა. მაშინ 5 წლის ვიყავი. ლექსი წამაკითხეს. სცენაზე რომ ავედი, ეს იმდენად მომხიბვლელი აღმოჩნდა ჩემთვის, რომ შემდეგ დიდი ენთუზიაზმითა და სიხარულით დავდიოდი. სწორედ, მაშინ გადავწყვიტე მსახიობობა. დედა წინააღმდეგი იყო. უნდოდა, ექიმი გამოვსულიყავი, მაგრამ ბოლოს მიხვდა, რომ ჩემი გადაწყვეტილება სერიოზული იყო, წლების განმავლობაში არ იცვლებოდა და თეატრალურ ინსტიტუტშიც ჩავაბარე.
როცა მე-11 კლასში ვსწავლობდი, 2000 წელს, პირველად რუსთავის თეატრში ვითამაშე სპექტაკლში „დამნაშავედ არ დავბადებულვარ“. ვითამაშე შარლის როლი ზურაბ ბეგლარიშვილის სადიპლომო ნაშრომის სპექტაკლში „ჟანა დარკი“, შემდეგ ქალის როლი მუსკომედიის თეატრში, მანანა ბერიკაშვილის სპექტაკლში „მარკიზა დე სადი“, მარჯანიშვილის თეატრის სპექტაკლში „ქალი წარსულიდან.“ სხვა სპექტაკლებშიც ვთამაშობდი, თუმცა დიდი შემოქმედებითი ბიოგრაფია არ მაქვს.
-ფილმებშიც თამაშობ...
-დიახ. პირველი ფილმი ლევან ზაქარეიშვილის „თბილისი-თბილისი“ იყო. ვთვლი, რომ კარგი პრაქტიკა გავიარე. 2008 წელს იყო ლევან თუთბერიძის ფილმი „უშენოდ მგონი მოვკვდები“. ჰოლანდიური ფილმი „ყაზბეგელი პილოტი ქალი“. შემდეგ ექვსთვიანი შემაწუხებელი პაუზა იყო. ახლა მუსკომედიის თეატრის შტატიანი მსახიობი ვარ.
-ჰამლეტზე როგორ მოხდა შენი დამტკიცება?
-ბატონი ამირანი მსახიობებს ეძებდა. იგი 10 წელი საფრანგეთში მოღვაწეობდა და მსახიობებს ნაკლებად იცნობდა. ქასთინგი გამოაცხადა. მეც მივედი, გავესაუბრე. თავიდან ლაენის როლი შემომთავაზა. მითხრა, პიესა რამდენჯერმე გადაიკითხე და მზად იყავი, სექტემბრიდან მუშაობას დავიწყებთო. როგორც ხდება ხოლმე, პრობლემები შეიქმნა, დრო გაიწელა. მერე დამირეკა და მითხრა, ჰამლეტი ვცადოთო. ჰამლეტი ჩემთვის დიდი გმირია, არასდროს მიფიქრია მეთამაშა. თუმცა, ჩემი თაობის მსახიობები ხშირად საუბრობენ, რომ ჰამლეტი ყველა მსახიობისთვის საოცნებო როლია. მათ რომ ვუსმენდი, ვერ ვხვდებოდი, როგორ უნდა მეოცნება ასეთ დიდ გმირზე. საუბარსაც ვერიდებოდი. ბევრი ვიმუშავეთ. ახლა ვთვლი, რომ საინტერესო პერიოდი გავიარე. წინ ძალიან დიდი ნაბიჯი გადავდგი. მოხარული ვარ, რომ ამირანთან და იმ მსახიობებთან ვთანამშრომლობდი, რომლებიც ამ სპექტაკლში თამაშობენ. ბატონი ამირანი გამოცდილი მსახიობია, დიდი სკოლა აქვს გავლილი, რაც ჩემთვის საინტერესო იყო. ამ სპექტაკლზე მუშაობისას მეგონა, რომ სასწავლებლად ვიყავი. ბევრი რამ აღმოვაჩინე ჩემს თავშიც და ჩემს პროფესიაშიც.
-მუშაობის პროცესში ალბათ იყო შეცდომებიც და სირთულეებიც...
-რა თქმა უნდა, იყო. ბატონი ამირანი მაქსიმალისტია, რაც ყველაზე მეტად მხიბლავს ამ ადამიანში. თავიდან ბოლომდე პასუხისმგებელია თავის საქმეზე. გმირი შეიძლება გამოგივიდეს, ან არ გამოგივიდეს, მაგრამ თუ თავიდანვე შრომა არ ჩადე, საკუთარ თავსაც და გმირსაც გაწირავ. ჩვენი პროფესიის მომხიბვლელობაც, სწორედ, იმაშია, რომ გმირის საშუალებით ჩვენი ტკივილი, სიხარული თუ დამოკიდებულება სცენაზე ვთქვათ და მაყურებელს ვაჩვენოთ.
ერთხელ ამირანმა თქვა: ჩემი ორგანიზმი მუშაობის რეჟიმს არის მიჩვეული და სინამდვილეში არ ვიცი, ძილი მიყვარს თუ არა. ჩემთვის უკვე გასაგები იყო, როგორ ადამიანთან მქონდა ურთიერთობა. მე ბუნებით ზარმაცი ვარ, მაგრამ ვცდილობდი, ეს თვისება ჩემშიც გამჯდარიყო. მიჭირდა, მაგრამ ჰამლეტი ხომ ამბობს, მსახიობები დროის შემოკლებული მემატიანეები არიანო. თუ გინდა მსახიობი იყო და ემსახურო ამ პროფესიას, ძალიან ბევრ კომპრომისზე უნდა წახვიდე. ბევრი რამ უნდა გადალახო და უნდა შეგეძლოს სცენაზე შენი ფსიქიკის ბოლომდე გაშიშვლება, რაც ძალიან რთულია. ამიტომ ვარ კმაყოფილი ამ პერიოდით, რომ ეს შევძელი. იყო შემთხვევა, როცა მითქვამს, ხომ არ გავჩერდე, წავიდე, მაგრამ გმირია საინტერესო და დიდი არა მხოლოდ პროფესიულად, პიროვნულადაც გზრდის . სხვა კუთხით უდგება სამყაროს და ადამიანებს. ამის გაშვება არ მინდოდა ხელიდან.
- გაქვს საოცნებო როლი?
-რამდენად უცნაურიც არ უნდა იყოს, ბევრი გმირია, რომელიც მაინტერესებს, მაგრამ საოცნებო გმირი არ მყავს. ჯერჯერობით ისევ ჩემი შესაძლებლობის აღმოჩენის ეტაპზე ვარ. ყველა ჟანრში მინდა ჩემი თავი მოვსინჯო. ყველა ტყავი მინდა ჩემს სხეულზე მოვირგო, მაგრამ არ ვიცი, რამდენად მექნება ამის შესაძლებლობა და პერსპექტივა. ამას დრო გვიჩვენებს.
-პერსპექტივაში რას გულისხმობ?
-მსახიობობა ისეთი პროფესიაა, რომ უნდა გაგიმართლოს კიდეც. ბევრი ნიჭიერი და შრომისმოყვარე ახალგაზრდა ვიცი, რომლებსაც არ გაუმართლდათ. სახლში სხედან და სხვა რაღაცებს აკეთებენ, რომ ყურადღება გადაიტანონ. მე რომ ამ სპექტაკლში მოვხვდი და ჰამლეტის როლი ვითამაშე, ესეც გამართლებაა. იმედს ვიტოვებ, რომ კიდევ მომიწევს საინტერესო ადამიანებთან და საინტერესო გმირებზე მუშაობა.
-მახსოვს, სპექტაკლის დაწყებამდე ძალიან ნერვიულობდი. ახლა როცა ყველაფერი დამთავრდა კმაყოფილი ხარ?
- ჰამლეტის როლი ძალიან დიდ მსახიობებს აქვთ ნათამაშები. მოხიბლული ვიყავი იმ მსახიობებით და მეშინოდა, მათთვის არ მიმებაძა. მინდოდა, მაყურებლისთვის ჩემეული ჰამლეტი მეჩვენებინა. ჩემთვის ბევრმა საპატივსაცემო ადამიანმა მითხრა კარგი სიტყვები, რასაც არ ველოდი. თუმცა ახლა უფრო შეშინებული ვარ, არ მინდა, მათ იმედი გავუცრუო. არ უნდა დაიჯერო, რომ მაგარი და კარგი ხარ. ვეღარ განვითარდები.
-შენს მიერ შესრულებულ როლებს თუ გადავხედავთ, ყველა სპექტაკლში სერიოზულ გმირს თამაშობ...
-ყოველგვარი თავმდაბლობის გარეშე ვიტვი, რომ, საბედნიეროდ, საქართველოში და ჩვენს პროფესიაში ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდაა, მაგრამ ისიც უნდა ვთქვა, რომ არ იქმნება სკოლა და ვერ იზრდებიან თაობები. ყველაფერი რაღაც ზედაპირულად ხდება, ერთ ადგილზე ტრიალებს და წინ ვერ მიდის. იშვიათად არიან სამაგალითო რეჟისორები და მსახიობები, ვის გზასაც გინდა, რომ გაჰყვე. რაღაც გამოცდილება მაქვს, მაგრამ მაინც ვთვლი, რომ მე დამწყები მსახიობი ვარ და ჯერ კიდევ ბევრი ეტაპი მაქვს გასავლელი. ხშირად კომპრომისებზე წავსულვარ, რომელიც ხანდახან არ უნდა ვისწავლო. ჩვენს პროფესიაში არ შეიძლება კომპრომისებზე წასვლა, რადგან ჩერდები და ერთ ადგილზე ბრუნავ. მსახიობობა ისეთი პროფესიაა, რომ სულ განვითარებისა და სწავლის პროცესში უნდა იყო. გაჩერდები და დამთავრდები კიდეც.
-კინო და თეატრი - ორი განსხვავებული მიმართულებაა. შენთვის რომელი უფრო მნიშვნელოვანია?
-ორივე ძალიან მიყვარს, მხიბლავს და მაინტერესებს. ორივეს თავისი პლუს-მინუსი აქვს. კინო ეკრანია, მონტაჟი და ბევრი ენერგიის დახარჯვა არ გიწევს. მშვიდია და თავისუფალი ხარ. პირველ ფილმში როცა მიღებდნენ, კამერასთან არც მქონდა ნამუშევარი, საერთოდ არ ვიცოდი კინოს სფეციფიკა. კინოში იმუშავებ და მორჩა, შედეგი თაროზე იდება. თეატრი ცოცხალი პროცესია და ყველაფერი კარგად უნდა ითამაშო. მთელი პროცესი შენზეა დამოკიდებული. შეიძლება, წლები გავიდეს და ის სპექტაკლი და გმირი სულ შენთან იყოს.
-ახლა რაზე მუშაობ?
-მანანა ბერიკაშვილთან ვიწყებ მუშაობას. ებრაელი დრამატურგის პიესას „უკანა ეზოს თამაშებს“ დავდგამთ. საინტერესო პიესაა. პრემიერა იანვრის ბოლოს მუსკომედიის თეატრში შედგება.
"ახალი 7 დღე"
Комментариев нет:
Отправить комментарий