суббота, 7 июля 2018 г.

„აუცილებელია, კავკასიის ველური ბუნება, მომავალ თაობას შევუნარჩუნოთ“








დაცული ლანდშაფტის მართვის გეგმით განსაზღვრული, ერთ-ერთი აქტივობის ფარგლებში, თუშეთის ეროვნულ პარკში, სამხევის რეინჯერთა სახლთან, სოფელ ომალოსკენ მიმავლ გზაზე, ტურისტული საინფორმაციო ჯიხური გაიხსნა. საინფორმაციო ჯიხურის ერთ-ერთი ფუნქცია, თუშეთში ჩასული ტურისტებისა და სტუმრებისთვის, მოხალისეობაზე დაფუძნებული ფინანსური თანამონაწილეობის პრაქტიკის გაცნობა იქნება. მოხალისეობაზე დაფუძნებული ფინანსური თანამონაწილეობის პრაქტიკის დანერგვა კი, შედეგად, თუშეთში მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებასა და მდგრადი ტურიზმის ხელშეწყობას ითვალისწინებს

გარემოსდაცვითი ორგანიზაცია CENN-ის აღმასრულებელი დირექტორი ნანა ჯანაშია ამბობს, რომ: „ფინანსური თანამონაწილეობა მოხალისეობრივ-საქველმოქმედო მოსაკრებელს წარმოადგენს, რომლის მიზანია, ევროკავშირის ქვეყნებში უკვე გამოცდილი პრაქტიკის მსგავსად, თუშეთის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე, ფინანსების მოზიდვა და უნიკალური ტერიტორიის განვითარების ხელშეწყობა“.

ტურისტული საინფორმაციო ჯიხური, ორი თვის განმავლობაში, საპილოტე რეჟიმში იმუშავებს. ტურისტული სეზონის განმავლობაში შეგროვებული თანხა, საფეხმავლო ბილიკების, საგზაო ინფრასტრუქტურის, ახალი საბანაკე ადგილების შექმნასა და კეთილმოწყობას მოხმარდება.

საინფორმაციო ჯიხური, საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ტომაშ პერნიცკიმ, გარემოსდაცვითი ორგანიზაცია CENN-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ნანა ჯანაშიამ, ახმეტის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის, თუშეთის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციისა და საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენლებმა გახსნეს.

„2003 წლიდან თუშეთი დაცული ტერიტორიების დაცვის ქვეშ არის და, სამი დაცვითი კატეგორია გვაქვს: ეროვნული პარკი, სახელმწიფო ნაკრძალი, რომლებსაც დაცული ტერიტორიების სააგენტო მართავს და დაცული ლანდშაფტი, რომელიც ცოცხალი ნაწილია, სადაც მოსახლეობა ცხოვრობს, ტურისტები ჩერდებიან, ნარჩენების დაგროვება ხდება, ახმეტის მუნიციპალიტეტის მართვის ქვეშ არის. სამწუხაროდ, ახმეტის ბიუჯეტი მწირია და შესაძლებლობებიც ნაკლებია. საინფორმაციო ჯიხური და ნებაყოფლობით თანხის დაწესება, სწორედ ფინანსების მოძიებას და ტურისტებისთვის მომსახურების გაუმჯობესებას ითვალისწინებს.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოს დახმარებით, არაერთი პრობლემა გადაწყდა, გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია. თუშეთში ტურისტების რიცხვი იზრდება და ბევრი ადგილი მიუწვდომელია. აუცილებელია, ტურისტული ბილიკების ქსელის გაზრდა, რომელიც მთელ თუშეთს მოიცავს. ამასთან, თუშეთი მხოლოდ, ტურიზმის სივრცე არ არის. მნიშვნელოვანია, ტრადიციული სოფლის მეურნეობა განვითარდეს“, - ამბობს, თუშეთის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციის დირექტორი ზაზა ლაგაზიძე.

ტურისტული საინფორმაციო ჯიხურის გახსნის ინიციატივა, ჩეხეთის განვითარების პროგრამების ფინანსური მხარდაჭერით, ჩეხეთის ბუნების კონსერვაციის სააგენტოსა და კროკონოშეს ეროვნული პარკის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, CENN-თან და თუშეთის დაცულ ლანდშაფტთან თანამშრომლობით განხორციელდა. ინიციატივის მხარდამჭერია, საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტო.

„თუშეთი პატარა კუთხეა, სადაც ხალხი საუკუნეებია ცხოვრობს და საკუთარი ტრადიცები აქვთ შემორჩენილი. შეუძლებელია, არ მოგხიბლოს ძველმა თუშურმა სოფლებმა, კოშკებმა, სუფთა ბუნებამ. ძალიან მინდა, ტურისტებმა და სტუმრებმა გაითვალისწინონ, რომ თუშეთი, ჩვენი პლანეტის გამორჩეული კუთხეა და მის სილამაზეს, პატივი უნდა ვცეთ. ძალიან უნდა ვეცადოთ, რომ ეს სილამაზე მხოლოდ ჩვენ კი არა, ჩვენმა შვილებმა და მათმა შვილებმაც ნახონ. აუცილებელია, კავკასიის ველური ბუნება, მომავალ თაობას შევუნარჩუნოთ“, - ამბობს საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ტომაშ პერნიცკი.











მზევინარ ხუციშვილი


Комментариев нет:

Отправить комментарий