четверг, 19 декабря 2019 г.

მერამდენე ლუკა, სალომე, ნიკა, სანდრო, დათუნა, თემირლანი, ზურა...






ცხოვრება, რთული არ არის. ჩვენ, ადამიანები ვართ რთულები. ცხოვრებას, ჩვენ ვართულებთ, ჩვენი დაუკმაყოფილებელი მოთხოვნებით, ხუშტურებით, პრეტენზიებით, მდარე ამბიციებით და სიბრიყვით. ცხოვრება ისეთია, როგორსაც ჩვენ ვქმნით და ვირჩევთ. ისეთია, როგორ მითებსაც მასზე ვქმნით. 

ჩემი თაობა, ხშირად იმეორებს ამერიკელი მწერლის, გერტრუდ სტაინის სიტყვებს, რომ - „ჩვენ დაკარგული თაობა ვართ“. „პერესტროიკის“, ცვლილებების ბავშვები, რომლებმაც, როგორც შევძელით ისე გადავრჩით. ჩვენ გავიზარდეთ მაშინ, როცა ჩვენს გარშემო სამყარო, ძალიან სწრაფად შეიცვალა. მაგრამ, ჩვენ მოვასწარით გაგვეგო, რა არის სიყვარული, მეგობრობა და ერთგულება. ჩვენი და ჩვენი მშობლების თაობა, უნიკალურები ვართ. ერთმა, იმ გაუგებარ დროში, შვილების გაზრდა შესძლო. მეორემ კი, გადარჩენა. 

რა მოხდა მერე? რატომ არ გაამართლა, ჩვენმა ახირებულმა და სანატრელმა დამოუკიდებლობამ? რატომ არ გაამართლა ექსპერიმენტებმა, რომლებიც, უკვე 30 წელია, საუკეთესო ცვლილებებს და ცხოვრებას გვპირდება? რატომ ეწირებიან, ჩვენს თავისუფლებით და დემოკრატიით შექმნილ სისტემას მოზარდები, რომლებმაც ხვალ, ქვეყანა უნდა ჩაიბარონ? 

იმიტომ, რომ ეს ქვეყანა აგრესიით იკვებება. ჩვენი თავისუფლება, დემოკრატია და დამოუკიდებლობა, აგრესია და ველური კაპიტალიზმის გადმონაშთი, ფულია. დაბადებიდანვე ბავშვები სიყვარულის მაგივრად, უდედმამოდ ცხოვრებას სწავლობენ. იღებენ აგრესიას, სიძულვილს და ათასგვარ სიმახინჯეს, რასაც ის ადამიანები ვაკეთებთ, ვინც მათ პირიქით, ჭკუა უნდა დავარიგოთ. ხედავენ ტყუილს, სიბინძურეს, ღალატს

თანასწორობაზე, ტოლერანტობაზე ველაპარაკებით და კერძო ბაღებს, სკოლებს, უმაღლეს სასწავლებლებლებს ვუქმნით და ვეუბნებით, - თუ, ფული არ გაქვს, ვერ ისწავლი. თუ, პატრონი არ გყავს, მაინც დაიკარგები და ვერაფერს მიაღწევ, არავინ იქნები. არავინ დაგიცავს. სამართლიანობაზე ველაპარაკებით და მედიკამენტების ფულისთვის, ქუჩაში ხელგამოწვდილებს ვსვამთ. თავისუფლებაზე ველაპარაკებით და მონურ პირობებში, ვაცხოვრებთ და ვამუშავებთ. პატრიოტიზმზე, ქვეყნის დაცვაზე ველაპარაკებით და ავღანეთში ვაგზავნით. რა უნდა ავღანეთში, ქართველ ჯარისკაცს? ქვეყანას და სამშობლოს, საკუთარ მიწაზე იცავენ. სამშობლოს სიყვარულზე ველაპარაკებით და ახალშობილს, თვალი არ აქვს გახელილი, „ოკუპაციაზე“ იავნანას ვუმღერით. სხვა ქვეყნის და ერის მიმართ, სიძულვილს ვასწავლით. იმიტომ, რომ თითოეული ჩვენგანი, მხოლოდ საკუთარ თავს უსმენს. და, როცა მოზარდები გვეუბნებიან, ჩვენ არ გვჭირდება ბრალდებები, ჩვენ დახმარება გვჭირდება, მხოლოდ, ულტიმატუმების წაყენება შეგვიძლია. 

რატომ გვგონია, რომ სხვანაირები იქნებიან და გაგვიგებენ მოზარდები, რომლებიც წლებია, უყურებენ და უსმენენ შვილმკვდარი დედების და მამების ბრძოლას სამართლიანობისთვის. ნახეს, როგორ ვერ დავიცავით გიორგი ტოროშელიძე, სანდრო გვირგვლიანი, დათუნა სარალიძე, თემირლან მაჩალიკაშვილი, ზურაბ ვაზაგაშვილი და კიდევ... გაგრძელება შეუძლებელია...

სამწუხაროდ, დადგა ის დრო, რასაც სამწუხარო შედეგების მიღება ჰქვია. ჩვენ კი, ლოზუნგების და ვაივიშის გარდა, არაფერი შეგვიძლია.

Комментариев нет:

Отправить комментарий